Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიკოლოზ სამხარაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

პოლიტიკა
104
Frontnews
ნიკოლოზ სამხარაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში შეხვედრებს მართავს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა დანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარსტენ ჰონგესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკუს კნუტთან, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „ლიბერალური ალიანსისა“ და „მოდერატების პარტიის“ საგარეო პოლიტიკურ სპიკერებთან.

საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატების გააქტიურების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძე დანიურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრებზე ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრებისას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი და ალიანსის წევრების მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოებისადმი არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება განიხილეს. დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგისა და საგნობრივი მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგებს მიწვევისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძემ დანიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში საპასუხო ვიზიტად მოიწვია.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები