ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ავტორი
Frontnews საქართველო
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი და 31 წლის მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება 31 მამაკაცს, რომლის სახლშიც მოხდა უშუალოდ აფეთქება, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა და სასუნთქი გზების მძიმე პრობლემები აღენიშნება. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დიაგნოზი მძიმეა.
"კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება როგორც სასუნთქი გზების დაზიანება, ასევე ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა უმძიმესია, საკმაოდ სერიოზული. ინტენსიური მკურნალობის ფონზე, ინარჩუნებს სტაბილურობას", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
რაც შეეხებათ ბავშვებს, ექიმი კახაბერ ჭელიძის ინფორმაციით, მათთვის უკვე შესაძლებელია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.
"ჩვენთან ორი პაციენტი იმყოფება. ერთი ბიჭუნა, 11 წლის, რომელიც დედასთან ერთად მოყვანილი იქნა ამ ტრაგედიიდან მალევე, ხოლო გოგონა, 3 წლის პატარა, დაახლოებით 8-9 საათის შემდეგ შემოიყვანეს, ამ ტრაგედიიდან.
რეალურად, მათი მდგომარეობა დღეისთვის სტაბილური გახლავთ. ბუნებრივია, მათ უტარდებათ დინამიკაში ყველანაირი შემოწმება. საბედნიეროდ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი წესრიგშია და მდგომარეობა სტაბილურია.
მინიმალური დაზიანებები ჰქონდა პატარას, შესაბამისად, ერთადერთი, რაც იყო საყურადღებო, ეს არის მარცხენა მუხლის სახსრის მიმდებარე ქსოვილების მსუბუქი დაზიანება. ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია. ბუნებრივია, მივუხედავთ და მისი მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს და რაც მთავარია, დღეს უკვე ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ მათ მართვაში", - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში19 ნოემბერს მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
თაგები:
ფონიჭალა




