Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რამაზ საყვარელიძე - 14 წელია, ხალხი მათგან რაიმე, თუნდაც უვარგის გეგმას ელოდება, მაგრამ მსგავსი არაფერი არავის უნახავს

ინტერვიუ
528
Frontnews
რამაზ საყვარელიძე - 14 წელია, ხალხი მათგან რაიმე, თუნდაც უვარგის გეგმას ელოდება, მაგრამ მსგავსი არაფერი არავის უნახავს

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დროინდელმა წერილებმა საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში კითხვების ახალი ტალღა გააჩინა. თავდაპირველი დუმილის შემდეგ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან მამის დაკავების მუქარაზე საუბარი და მმართველი გუნდის მიმართ გაჟღერებული პრეტენზიები პროცესების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს. რა დგას ღარიბაშვილის ამჟამინდელ რეაქციებში, რამდენად აზიანებს ეს პროცესი "ქართულ ოცნებას" და რა მდგომარეობაშია დღეს ოპოზიციური ფლანგი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე Front News-ს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრება.

- როგორ აფასებთ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებსა და წერილებს ციხიდან? თავდაპირველად მას არ ჰქონდა მსგავსი რეაქცია და პრეტენზიები ბრალთან დაკავშირებით, ახლა კი აცხადებს, რომ მას მამის დაკავებით ემუქრებიან. რა სახის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე?

- კი ბატონო, ღარიბაშვილს არა თუ არ გაუკეთებია რაიმე განცხადება, არამედ უკმაყოფილების მაგვარიც კი არაფერი ისმოდა მისი მხრიდან. ბედს შეეგუა და აღარც უარყოფდა დანაშაულს, რასაც პროკურატურა ედავებოდა. ამიტომ, ახლა რაზე საუბრობს, ცოტა გაუგებარია. ისევე როგორც გაუგებარია, რასაც ივანიშვილისა და გუნდის მიმართ პრეტენზიებად აჟღერებს, შემდეგ კი მდინარაძემდე ჩამოვიდა.

სურათი არ არის თანმიმდევრული. მან დააანონსა, რომ რაღაცის თქმას აპირებდა, რეალურად კი არაფერიც არ უთქვამს. ამიტომ, მე, მაგალითად, არ მივანიჭებდი ამ წერილებს ჯერჯერობით დიდ მნიშვნელობას. მომეჩვენა, რომ თავად ღარიბაშვილი არ არის სტაბილურ ემოციურ მდგომარეობაში და ამიტომ მისცა ახლა ასეთი რეაქცია. მით უმეტეს, საქართველოში წერილების წერა რაღაც ტრადიციად ჩამოყალიბდა. მე მგონია, რომ ეს წერილები მისი მდგომარეობის არასტაბილურობის ანარეკლია.

- გაჩნდა ასეთი ვერსიაც, რომ ის ამ წერილებით ციხიდან ივანიშვილისთვის იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ უდანაშაულოა. მას ხომ არ ჰქონდა იმის იმედი, რომ ივანიშვილი გამოსარჩლებოდა და, როცა ეს მხარდაჭერა ვერ მიიღო, ამ ფორმით სცადა მისი ყურადღების მიქცევა?

- ეს ვერსია რეალური რომ იყოს, მაშინ მის წერილებში პირველ ადგილს დაიკავებდა ის, რომ ის უდანაშაულოა. ფაქტობრივად, ამგვარი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია, ამიტომ ამ ვერსიასაც ვერ ავყვები. ლოგიკური ვერსიაა, მაგრამ წერილები არ არის იმგვარი, რომ ეს ვერსია გამყარდეს.

- ბატონო რამაზ, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის გადაწყვეტილებაზე ციხეში ჩამჯდარიყო, გუნდის, ივანიშვილისა და ქვეყნის გამო წავიდა. თუმცა, მისი განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მოტყუებული სწორედ კობახიძის გუნდის მხრიდან აღმოჩნდა: პირობა, რაც მას დუმილის სანაცვლოდ შესთავაზეს, შეიცვალა და კორუფციაში მისი მხრიდან მონაწილეობის აღიარებას სთხოვდნენ...

- თუ ამ ვერსიას გავყვებით, რომ ის მოატყუეს და რაღაცას შეჰპირდნენ, მაშინ ეს „რაღაც“ რა არის, არ ჩანს ამ წერილებიდან. ამ გუნდის მხრიდან, იგივე კობახიძის მიერ დაპირება იყო, რომ თუ ის გამოძიებას წყნარად ჩაბარდებოდა, „ჩვენ რაღაც ნაბიჯებს გადავდგამთ“. შესაძლოა, იყო შეპირება, რომ ხელუხლებელი იქნებოდა მისი გარემოცვა. მე არ გამოვრიცხავ, რომ როცა მას დაცვა მოუხსნეს, შესაძლოა, ეს ყოფილიყო იმპულსი მისი წერილების დაწერის. თუმცა ესეც გაუგებარია, დაცვის გამო რატომ უნდა აეტეხა ამხელა ხმაური.

- ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას უყენებენ პირობას, რომ არ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. აქვს ექსპრემიერს ის მხარდაჭერა და რეიტინგი „ოცნების“ ამომრჩეველში ან გუნდის შიგნით, რომ მან ცალკე პოლიტიკურ ფიგურად თამაში წამოიწყოს? რა შეიძლება ხელისუფლების ღელვის მიზეზი ყოფილიყო?

- ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, იყო. სააკაშვილმაც რომ გაიხსენა, 20 წელზე მეტხანს იჯდა ციხეში მანდელა და მერე დაბრუნდა პირდაპირ პოლიტიკაში. ასე რომ, ციხის კარები პოლიტიკის კარი არ არის. ციხის კარები კი დაიხურება, მაგრამ პოლიტიკის კარი შესაძლოა, ღია დარჩეს. ამიტომ გაუგებარია თავად მაგ საკითხის დაყენება, პოლიტიკაში შემოვა თუ არა. ღარიბაშვილის უარყოფა არაფერს ცვლის, ამით პოლიტიკის კარი არც იღება და არც იკეტება.

ერთი რამ კი არის: ამ გაუგებარი წერილების ფონზე მას მხარდამჭერების თავმოყრა უფრო გაუჭირდება, რომლებიც ჰყავდა, უდავოდ. იქამდე მსხვერპლი იყო და ახლა ეგეც არ არის, უფრო გაუგებრობაა.

- გარდა იმისა, რომ ეს წერილები ღარიბაშვილს აზიანებს, ზიანდება თუ არა ამით „ქართული ოცნება“ ან ბიძინა ივანიშვილი?

- ქართული პოლიტიკის დღევანდელ ცვლილებებში არის ის, რომ „ოცნებას“ შესაბამისი ძალის ოპოზიცია არ ჰყავს. მოსახლეობა რომც გაბრაზდეს ხელისუფლებაზე, არჩევანის გადაადგილებას ვერ შეძლებს, მეორე მხარეს არჩევანი არ არსებობს. ეს არის პრობლემა, რომ ღირსეული და ძლიერი ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ. დავუშვათ, მხოლოდ კობახიძეა და არ არის ივანიშვილი, მაინც სიტუაცია "ოცნების“ სასარგებლოდ იქნებოდა. სხვას ვერავის აძლევენ ხმას ის ადამიანები, ვისაც არ უნდა "ორი გვამი“.

- ოპოზიციის დაპირისპირებაზეც მინდა გკითხოთ. ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის მწვავე განცხადებებს ოპოზიციის მისამართით. განსაკუთრებით ნიკა გვარამია აღმოჩნდა მისი სამიზნე. გვარამია კი აცხადებს, რომ მას რომ 40 მილიონი ჰქონდეს, „ნაციონალების“ ყველა წევრი მის მხარეს იქნებოდა, მისთვის 4 მილიონიც კი საკმარისი იქნებაო. რა სახის დაპირისპირებას ვადევნებთ თვალს?

- იმ ვერსიას დავუბრუნდები, რაც ღარიბაშვილზე მოგახსენეთ. ადამიანები, რომლებიც გათვლილი ნაბიჯებით არ მოძრაობენ, აქ საქმე გვაქვს მხოლოდ იმასთან, რომ ვიღაცამ ვიღაც თავისივე გუნდიდან მოიშოროს. ოპოზიციას ერთიანი, მთლიანი სტრატეგია არ გააჩნია, თუ როგორ უნდა გაიმარჯვონ. 14 წელია, ხალხი მათგან რაიმე, თუნდაც უვარგის გეგმას ელოდება, მაგრამ მსგავსი არაფერი არავის უნახავს.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები