Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რუსული რაკეტა პოლონეთში, დაზიანებული ხიდები უკრაინაში, დაღუპულები კიევსა და ლვოვში - რუსეთის მასირებული იერიშის შედეგები

უკრაინა
187
Frontnews
რუსული რაკეტა პოლონეთში, დაზიანებული ხიდები უკრაინაში, დაღუპულები კიევსა და ლვოვში - რუსეთის მასირებული იერიშის შედეგები

ღამით რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მასირებული იერიში მიიტანა. კიევში დაიღუპა სამი ადამიანი, დაზიანდა სამი ხიდი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები დაიწყო.

რუსებმა უკრაინას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, კერძოდ, „კალიბრებით“, ასევე რეაქტიული დრონებით შეუტიეს. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც. ლვოვის, იმიერკარპატების და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გრაფიკი ამოქმედდა. ასევე დაზიანებულია სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ცალკეულ მონაკვეთებზე.

კიევი

დედაქალაქი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოექცა ბალისტიკური დარტყმების ქვეშ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ცნობილია სამი დაღუპულის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ისინი "კიევვოდოკანალის“ თანამშრომლები არიან. დაშავებულია დაახლოებით 15 ადამიანი, მათგან შვიდი მედიკოსებმა დედაქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

დაზიანებულია დნეპრზე გამავალი სამი ხიდი.

"ნაგებობებზე დაზიანების ხარისხის შესწავლას სპეციალისტები საჰაერო განგაშის დასრულების შემდეგ შეძლებენ“, - აღნიშნა კლიჩკომ.

სანაპიროებს შორის გართულებული მიმოსვლის გამო, მერი კიეველებს სთხოვს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ქალაქში საკუთარი ავტომობილებით არ გავიდნენ, დაწესებულებებსა და საწარმოებს კი მოუწოდა, თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ.

პოდოლსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას, კიდევ ერთი დარტყმა ერთ-ერთი ხიდის მახლობლად, ღია ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ობოლონის რაიონში რაკეტის ნამსხვრევის მოხვედრის შემდეგ სამსართულიან შენობას გაუჩნდა ცეცხლი. გოლოსეევის რაიონში რაკეტა ინფრასტრუქტურული ობიექტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც წინასწარი ინფორმაციით, საოფისე შენობა დაიწვა.

კიეველების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ხარკოვი

რუსული დრონი შევჩენკოს რაიონში სამედიცინო დაწესებულებას მოხვდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, ჩამსხვრეულია 50-ზე მეტი ფანჯარა. ადგილის დათვალიერება გრძელდება. ამავე რაიონში დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ კომპლექსზეც, სადაც ხანძარი გაჩნდა. სულ დაბომბვების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

სუმი

ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა - ის ბალისტიკური იერიშის ქვეშ მოექცა.

პოლტავის ოლქი

რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ განაშენიანებასთან ჩამოვარდა. არის ნაწილობრივი ნგრევა და დაზიანებულია მეზობელი სახლები. კრემენჩუგის რაიონში დარტყმის შედეგად სამრეწველო საწარმოს გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც მაშველებმა უკვე ჩააქრეს. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

დნეპროპეტროვსკის ოლქი

რუსებმა ოლქის ოთხ რაიონს უპილოტო საფრენი აპარატებით 10-ზე მეტჯერ შეუტიეს. დაშავდა ხუთი ადამიანი. ჟელტიე-ვოდიში დრონი მრავალსართულიან შენობას მოხვდა, დაზიანდა სხვა მრავალბინიანი სახლები, ავტომობილები, ბანკი და მაღაზია. საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის დაზიანებებით გადაიყვანეს ორი მამაკაცი (20 და 51 წლის) და ორი ქალი (47 და 70 წლის), ხოლო 87 წლის ქალი ამბულატორიულად იმკურნალებს.

კრივი-რიჰში რუსებმა ავტოგასამართ სადგურსა და ინფრასტრუქტურას დაუმიზნეს. ალექსანდრ ვილკულის თქმით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა საქვაბეები, წყალკანალის სატუმბი სადგურები და საავადმყოფოები, რომლებიც გენერატორებზე გადაიყვანეს. ასევე, უშუქოდ დარჩა აბონენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ელექტროტრანსპორტის რამდენიმე ქვესადგური, რის გამოც არ მუშაობს №18, 15, 16 და 10 ტროლეიბუსის მარშრუტები. დნეპროვსკის რაიონში დარტყმის ქვეშ მოჰყვა ლიუბიმოვსკის თემი, სადაც კერძო სახლი დაზიანდა.

ლვოვის ოლქი

ლვოვში, ლაზარენკოს ქუჩაზე "შაჰედის“ ნამსხვრევები ჩამოვარდა - დაზიანდა ორი ავტომობილი, საერთო საცხოვრებელში კი ფანჯრები ჩაიმსხვრა.

რუსებმა ლვოვის ოლქში ენერგეტიკულ ობიექტსაც დაარტყეს, რის გამოც რეგიონში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა დაწესდა. მოგვიანებით ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ივანო-ფრანკოვსკის ოლქი და იმიერკარპატები

ივანო-ფრანკოვსკში აფეთქებები გაისმა, რის გამოც ქალაქში ელექტროქსელში ძაბვის პრობლემები შეიქმნა. ქალაქის მერმა რუსლან მარცინკივმა განაცხადა, რომ ელექტრომომარაგებაში შეფერხებები იქნება. ავარიული გათიშვები მოქმედებს იმიერკარპატებშიც.

პოლონეთი

პოლონეთში, მათ შორის ლუბლინში, საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსულმა რაკეტამ ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა, ის ქალაქ ხმილეკის მახლობლად ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირეს. შეტევის გამო პოლონეთმა სამხედრო ავიაცია ააფრინა და საჰაერო თავდაცვის მზადყოფნა გააძლიერა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები