Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტ ჰიბრიდულ კამპანიას აწარმოებს და ჩვენ მისთვის საცდელი შემთხვევა ვართ

პოლიტიკა
107
Frontnews
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტ ჰიბრიდულ კამპანიას აწარმოებს და ჩვენ მისთვის საცდელი შემთხვევა ვართ

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტ ჰიბრიდულ კამპანიას აწარმოებს და ჩვენ მისთვის საცდელი შემთხვევა ვართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთში, ტიმიშოარას ფორუმზე „ევროპული ღირებულებები“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უფრო უსაფრთხოა, როდესაც მის მეზობლებს საკუთარი მომავლის თავისუფლად არჩევა შეუძლიათ.

"ჩვენს არჩევანს თავისი ფასი აქვს: სტუდენტები, ჟურნალისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები ძალადობას, დაკავებასა და ყოველდღიურ რეპრესიას უპირისპირდებიან. ჩვენი გზავნილი მკაფიო და ნათელია: არ დავნებდებით! საქართველო ხალხს ეკუთვნის! სამოქალაქო საზოგადოებას რეპრესიული კანონებით ანადგურებენ, დამოუკიდებელ მედიას ცენზურით აჩუმებენ, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან. ეს ქვეყნის მართვა კი არა, ძალაუფლების უზურპაციაა.

ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ჩვენივე კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებაში მყოფებმა შეაჩერეს, ბოლო 30 წელია, ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებით და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!

დღესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიან შეუპოვრობას, მოქალაქეთა მონაწილეობასა და პარტიული განსხვავებების გვერდზე გადადებას ცვლილების მოტანა შეუძლია. როდესაც საკუთარი ძალის რწმენას არ ვკარგავთ, ცვლილების ძალაც გვაქვს!

დემოკრატია მხოლოდ თავისი მოწყობის წყალობით არ არის  ის იმიტომ ძლებს, რომ ადამიანები ყოველდღე ვირჩევთ მის დაცვას.

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტ ჰიბრიდულ კამპანიას აწარმოებს და ჩვენ მისთვის საცდელი შემთხვევა ვართ. იგივე ბრძოლა ევროპის სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგაც მიმდინარეობს.

ვხედავთ კიბერშეტევებს, საბოტაჟს, დეზინფორმაციას, არჩევნებში ჩარევას, ეკონომიკურ ზეწოლას, კორუფციისა და ოლიგარქების გამოყენებას. სამიზნე უკვე მხოლოდ ტერიტორია აღარ არის: სამიზნე არჩევნების, ინსტიტუტებისა და ერთმანეთის მიმართ ჩვენი ნდობაა.

თავს გვახვევენ თავდაყირა დაყენებულ ნარატივს: თითქოს ევროპა ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფს, ომზე პასუხისმგებელი დასავლეთია და მშვიდობა მხოლოდ რუსეთს სურს. ამით გვიბიძგებენ, ვერ დავინახოთ საფრთხის ნამდვილი წყარო, აღარ დავიცვათ თავი და შევეგუოთ.

დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნავთ. ევროპა უფრო უსაფრთხოა, როდესაც მის მეზობლებს საკუთარი მომავლის თავისუფლად არჩევა შეუძლიათ.

რუსული ნარატივების მიზანია, ვერ დავინახოთ საფრთხის ნამდვილი წყარო, აღარ დავიცვათ თავი და შევეგუოთ. ჩვენი პასუხი კი დემოკრატიული არჩევანის დაცვა უნდა იყოს: მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება, ვინც ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გამოა დაკავებული; ყველგან მოვითხოვოთ ანგარიშვალდებულება და ხალხის ერთგული დავრჩეთ.

უნდა გავერთიანდეთ სოლიდარობით და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ, სანამ მდგომარეობა დამძიმდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები