შიო მესამე - მწუხარებას გამოვთქვამთ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, ღმერთმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული

ავტორი
Front News საქართველო
მწუხარებას გამოვთქვამთ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, ღმერთმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა, ნუგეში და ძალა მისთვის ლოცვისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის ტექსტშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
"დიდია ყველას გულისტკივილი გამორჩეული ფოტოხელოვანის და ღირსეული პიროვნების, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
სამშობლოსა და საქმისადმი სიყვარული გამოსჭვივის მის ყველა ფოტოში, რომელთაც მან თითქოს სული შთაბერა და ჩვენი ქვეყნის უნიკალურ მატიანედ აქცია. თითოეული კადრით მან თაობებს შემოუნახა მთელი ეპოქა – საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და ადამიანები, ეთნოგრაფიული ყოფა, ბუნება, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა.
აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი.
მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი ბადრის გარდაცვალების გამო. ღმერთმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა, ნუგეში და ძალა მისთვის ლოცვისა“, – აღნიშნულია სამძიმარში.
თაგები:
შიო მესამე




