ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
შსს-ს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
დელეგაციას თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ სელჩუკ დოღუშმა უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა. კომისია „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმების საფუძველზე, მონაცვლეობით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში იკრიბება.
მხარეებმა სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ არსებული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი.
თაგები:
შსს-ს დელეგაცია




