ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი "მაგდანას ლურჯამ" გახსნა

ავტორი
Frontnews საქართველო
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ გაიხსნა.
ღონისძიების თემაა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“. 28, 29 და 30 ოქტომბერს მაყურებელი სხვადასხვა ქვეყნის 12 კინოინსტიტუციის ციფრულად რესტავრირებულ საარქივო ფილმებს იხილავს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს, მალტის, ესპანეთის, ესტონეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, საფრანგეთის კინოპროგრამები.
ფესტივალი ეროვნული არქივის ჩვენებით – თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმით „მაგდანას ლურჯა“ – გაიხსნა. 1955 წელს გადაღებულმა ფილმმა 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში პრიზი მოიპოვა. „მაგდანას ლურჯას“ ციფრული რესტავრაცია ეროვნულ არქივში 2026 წელს განხორციელდა.
წელს პირველად, თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ჰყავს „საპატიო სტუმარი“ – საფრანგეთის კინოთეკა. ფრანგული კინოინსტიტუციის პროგრამის კურატორი პოლინ დე რეიმონი თბილისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით სტუმრობს. ფესტივალის განმავლობაში ის ქართველ მაყურებელს 1928-1964 წლებში გადაღებულ სამ ფრანგულ მხატვრულ ფილმს წარუდგენს.
ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და აჭარის მუზეუმის ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის პროგრამები.
ფესტივალი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. მაყურებელს მიმართეს საფრანგეთის კინოთეკის პროგრამის კურატორმა პოლინ დე რეიმონმა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსმა მანანა სურაძემ და ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ.
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი 30 ოქტომბერს დაიხურება.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
თაგები:
მაგდანას ლურჯა




