ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
The Telegraph - პუტინმა ბრიტანეთს უკრაინასა და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა

ავტორი
Frontnews საქართველო
ვლადიმერ პუტინი დაჟინებით მოითხოვს, რომ დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვას თავისი ბირთვული პოტენციალის გამოყენებაზე სხვა ევროპული სახელმწიფოების დასაცავად, - ამის შესახებ The Telegraph წერს.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ეს მოთხოვნა შევიდა იმ წინადადებების ნუსხაში, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მოამზადეს.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ნატოს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავებს იყენებს.
ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხი რუსეთთან შეთანხმებების საგანი ვერ გახდება.
გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის მოთხოვნების შემცველი დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ნატოს ძალების გაყვანას აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ფინეთის გარიცხვას ალიანსიდან, ასევე ვალდებულებას, რომ უკრაინაში დასავლური ჯარები არ გაიგზავნება.ირწმუნებიან, რომ კრემლის ხელმძღვანელი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის განხილვას მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ დათანხმდება.
გარდა ამისა, მოსკოვი მოითხოვს უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა პროდუქციის მიწოდების შეწყვეტას. რუსეთის კიდევ ერთი პირობაა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა.
კრემლი ასევე ცდილობს, ომის დასრულების შემდეგ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს. სანაცვლოდ მოსკოვი, თითქოსდა, მზად არის ხელი არ შეუშალოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იმ პირობით, რომ კიევი გაერთიანების საერთო თავდაცვით პოლიტიკაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა პარტნიორები, რომ პუტინს ევროპის საზღვრების შეცვლა სურს, სამიზნეში კი ფინეთი და შვედეთი არიან.





