ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

ავტორი
Frontnews საქართველო
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა გააფართოვა და თბილისში ახალი, თანამედროვე სასწავლო შენობა გახსნა. ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს, 24 ნოემბერს, გაიმართა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 17 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 13 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.
ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა თანამშრომლობის დაწყება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), კონკრეტულად კი - MIT Open Learning-ის საგანმანათლებლო მიმართულებასთან. პარტნიორობის ფარგლებში, Skillwill-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამასაც გაივლიან.
Skillwill საქართველოს მასშტაბით ოთხ სასწავლო სივრცეს აერთიანებს - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებებით. პროგრამები პრაქტიკულ სწავლებასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.
თიბისისა და Skillwill-ის ჯგუფის პარტნიორობა 5 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივად 110 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული, საიდანაც 80 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.
„თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. პარტნიორებთან თანამშრომლობის გარდა, თავადაც ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ბოლო სამ წელში თიბისის ტექ სკოლის, კამპუსისა და IT აკადემიის პროგრამებით 11 000 ადამიანი გადავამზადეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. Skillwill-თან ერთად განხორციელებული პროექტის მიზანიც იგივეა - მივცეთ ახალგაზრდებს საერთაშორისო ხარისხის განათლებაზე წვდომა და დავეხმაროთ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში. ასეთი ინიციატივებით ხელს ვუწყობთ კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც შრომის ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის” - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.
“თიბისი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორია, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნაში. გვჯერა, რომ განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი ამბიციაა, საქართველოში შევქმნათ საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც საერთაშორისო ცოდნას, ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებსა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გააერთიანებს“, – გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი.
(R)
თაგები:
თიბისი




