ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
უიტკოფი - ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა, ვგეგმავთ აქ დარჩენას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში მოლაპარაკებების შესახებ პირველი განცხადებები გააკეთეს.
უიტკოფმა პრეზიდენტს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტი "შესანიშნავი“ იყო. მისივე თქმით, ამერიკულ მხარეს უკრაინის წარმომადგენლებთან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა და გეგმავს უკრაინაში დარჩენას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
"ჩვენ ძალიან შინაარსიანი და მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. ვგეგმავთ აქ დარჩენას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა უიტკოფმა.
კუშნერმა, თავის მხრივ, ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პატივისცემა გადასცა. მან აღნიშნა, რომ ტრამპი ამჟამინდელ სიტუაციას რთულად მიიჩნევს, რადგან საქმე მხოლოდ ომის დასრულებას კი არა, გრძელვადიანი მშვიდობის პირობების შექმნასაც ეხება.
კუშნერის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს სურს, რომ უკრაინამ ომის დასრულების შემდეგ აღდგენისა და განვითარების პოტენციალი გამოიყენოს.
"ტრამპს არ ეშინია გამოწვევის - რაც უფრო რთულია გამოწვევა, მით უფრო მეტად უნდა იმუშაო და ყველაფერი გააკეთო“, - განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, ტრამპი ისწრაფვის სიკვდილიანობის შემცირებისა და შემდეგ ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენისკენ, რაც ხელს შეუწყობს უკრაინისა და ევროპის კეთილდღეობას.
კუშნერმა ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს გერმანიიდან და საფრანგეთიდან, ასევე მსოფლიო ბანკს თანამშრომლობისთვის.
"ვიმედოვნებთ, რომ ამ ვიზიტის შედეგად მშვიდობისკენ ახალ გზას ვიპოვით“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრები პრაქტიკულად ყოველდღე იგეგმება, ამიტომ მოლაპარაკებების პროცესი უნდა გაგრძელდეს. "ჩვენ მუდმივად წინ მივიწევთ მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა კუშნერმა.





