Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, თემაზე - "ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა მნიშვნელოვანი“ შეხვედრა გაიმართა

რეგიონები
482
Frontnews
"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, თემაზე - "ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა მნიშვნელოვანი“ შეხვედრა გაიმართა

"ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, თემაზე - „ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა მნიშვნელოვანი“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სპეციალისტების, პაციენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ღია დიალოგის ხელშეწყობა.

ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა. მინისტრმა კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით უფასო გამოკვლევებს ითვალისწინებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ასევე აფინანსებს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას სრულად, ძვირად ღირებულ მედიკამენტურ მკურნალობას, ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი,ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე, მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს და მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები.

დიალოგის ფორმატში მოსაზრებები წარმოადგინეს სოციალური პროგრამების ექსპერტმა, სოფიო ბაკურიძემ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ექიმების რეკომენდაციების, პაციენტების პირადი გამოცდილებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხები.

მსოფლიოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს დაახლოებით 2,43 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. იგი ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. საქართველოში კი ძუძუს კიბო ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის სიმსივნეს წარმოადგენს.

ძუძუს კიბოს წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა დაავადების დროული გამოვლენაა. რეგულარული სკრინინგი და ექიმთან დროული მიმართვა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შესაძლებლობას ზრდის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები