ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზელენსკი - არ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და აშშ-ს ნატოს მე-5 მუხლი ერთნაირად ესმით

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინას არ აქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს უსაფრთხოების გარანტიები ნატოს მე-5 მუხლის ნიმუშით. საუბარია მის ტერიტორიაზე უცხოელი სამხედროების შესაძლო ყოფნასა და მოკავშირეების რეაქციაზე რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული მხარე ევროპელ პარტნიორებთან ერთად მზად არის, უკრაინას ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს. ამავდროულად, მხარეებს ჯერ არ აქვთ საერთო გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს ასეთი გარანტიები პრაქტიკაში.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველას ერთნაირად გვესმის მე-5 მუხლი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი ელემენტი უკრაინაში პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალების ყოფნაა. კერძოდ, მან ამერიკელი სამხედროებისა და მათი ბაზების შესაძლო განთავსების საკითხი წამოჭრა.
"მე არც მომხრე ვარ და არც წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებოდით, თუ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ენდობოდნენ თავიანთ სამხედროებს და მათი ბაზები უკრაინაშიც იქნებოდა, როგორც ახლო აღმოსავლეთშია. სხვათა შორის, იქ ქვეყნები ნატოს წევრები არ არიან, მაგრამ გარკვეული ბაზები იქ არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით არ აქვს პასუხი იმაზე, გაითვალისწინებს თუ არა გარანტიები ამერიკელი და ევროპელი სამხედროების ყოფნას.
"შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების ძალები. ჯარები, ბაზები. ამის გარეშე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მე-4, მე-5 მუხლია და ა.შ.“, - განმარტა ზელენსკიმ.
ამავდროულად, მან მთავარ საკითხად დაასახელა მოკავშირეების კონკრეტული ქმედებები რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში. მისი თქმით, უკრაინას წინასწარ უნდა ესმოდეს, კონკრეტულად როგორ მოახდენენ პარტნიორები აგრესიაზე რეაგირებას.
"არა "თუ", ბოდიშს ვიხდი სკეპტიციზმისთვის, არამედ „როდესაც“ ისინი კვლავ შეეცდებიან ამის გაკეთებას. რას გააკეთებენ ისინი?“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მკაფიო პასუხები სჭირდება არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს, არამედ საზოგადოებას, მოქალაქეებსა და პოტენციურ ინვესტორებს. საიმედო უსაფრთხოების გარანტიები გასაგები უნდა იყოს ბიზნესისთვის, რომელიც შესაძლოა, უკრაინაში შევიდეს, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.
"ყველას სურს უკრაინაში ინვესტირება. [...] ხალხი ძლიერია, მათ ეს დაამტკიცეს. ცხრა მილიონი ადამიანი - ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაბრუნდებიან. და ყველა ამ ადამიანს მკაფიო პასუხები სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები ნატოში წევრობის გარეშე.
"კარგი, მე-5 მუხლი, მაგრამ ნატოს გარეშე. აგვიხსენით, რას ნიშნავს ეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციას ნატოს მე-5 მუხლის ანალოგიით. მისი თქმით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა უსაფრთხოების გარანტიების განხილვაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და კუშნერის აზრით, რუსეთი ამ მოდელს უკვე იღებს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




