ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზელენსკი - ყირიმის ხიდზე დარტყმა ოპერაციის მეშვიდე ეტაპზე განხორციელდა, რომელიც შვიდი კვირის განმავლობაში მზადდებოდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ყირიმის ხიდს დაარტყეს ოპერაციის მეშვიდე ეტაპზე, რომელსაც შვიდი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ. საბოლოო იერიშისთვის უკრაინელმა სამხედროებმა სხვადასხვა სახის დრონები და რაკეტები გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"დღეს ყველას შეუძლია იხილოს, რა მდგომარეობაშია რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მიმავალი მთავარი სამხედრო გადასასვლელი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ოპერაციის მეშვიდე ეტაპის შედეგია. იგი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად შეიმუშავა და კოორდინაცია გაუწია, მისი განხორციელება კი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პრეზიდენტმა ოპერაციას უპრეცედენტო უწოდა და მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურს, თავდაცვის ძალების ყველა ჩართულ ქვედანაყოფს, თავდაცვის მინისტრს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და გენშტაბს, ასევე, დაზვერვას და იარაღის თითოეულ მწარმოებელს.
"ჩვენი მებრძოლები ეტაპობრივად ანადგურებდნენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებსა და სხვა განსაზღვრულ ობიექტებს საბოლოო სამიზნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი მონაცემებით, ამ ოპერაციაში გამოიყენეს: Dovbush, Vendetta, Da Vinci, January, MICH 2000, Ruta, Palianytsia, An-197, FP-1, FP-5 Flamingo და R-360 Neptune.
პრეზიდენტის თქმით, გადამწყვეტ ეტაპზე Palianytsia-ს ტიპის დრონებმა სამაგალითოდ იმუშავეს და ხიდის საავტომობილო მონაკვეთი დაბომბეს. სარკინიგზო მონაკვეთზე კი იერიში Neptune-ის რაკეტებით, Ruta-სა და FP-5-ის დრონებით მიიტანეს.
ასევე, უკრაინელმა მებრძოლებმა Flamingo-ს დახმარებით მართვადი დარტყმა განახორციელეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კავშირი ბოლო წამებამდე შესანიშნავად მუშაობდა.
"ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ რუსეთს დეესკალაციის ნაბიჯები და ყველა შეთავაზებაზე მხოლოდ ხმამაღალი უარი გვესმოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ყოველდღიურად ურტყამს უკრაინულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ, ხიდებს ზაპოროჟიეში, დნიპროში, კიევსა და ოდესის ოლქში.
"ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ინფრასტრუქტურას, მაგრამ რუსეთს იმასაც ვახსენებთ, რომ ომი ყოველთვის დაბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო. უკრაინის თავდაცვის პოტენციალი არის და იქნება მაღალი და ჩვენ არასდროს დავტოვებთ უპასუხოდ ტერორს ჩვენი ქალაქებისა და ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ყირიმის ხიდი 17 ნოემბრის ღამეს ნაწილობრივ ჩამოინგრა. წყალში ჩავარდა თაღი და საავტომობილო მონაკვეთი, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ხიდზე მოძრაობა შეუძლებელია.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




