Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - რუსეთის ცა სახიფათო ხდება, დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არ არის

უკრაინა
592
Frontnews
ზელენსკი - რუსეთის ცა სახიფათო ხდება, დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არ არის

რუსეთის საჰაერო სივრცე დრონების გამო სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათო ხდება, უკრაინა საერთაშორისო ავიაკომპანიებსა და სადაზღვევო კომპანიებს აფრთხილებს, გაითვალისწინონ ეს რისკები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქმედ ყველა ავიაკომპანიასა და წამყვანი აეროპორტების სადაზღვევო კომპანიებს მიმართა და გააფრთხილა, რომ რუსეთის ცა "სრულიად სახიფათო ხდება".

"უკრაინა არ ემუქრება სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს, არცერთ სამოქალაქო თვითმფრინავს. რუსეთის ცაში უბრალოდ დრონები იმ მასშტაბით იქნება, რომ ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება სათანადოდ არ აცნობებს ხალხს ამის შესახებ, რუსეთის საჰაერო სივრცე ფაქტობრივად დაიხურება: რუსეთის მიერვე გაჩაღებული ომი კეტავს მის ცას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, ამიტომ ყველა პარტნიორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის ცაზე "უსაფრთხოება დასრულდა".

"მნიშვნელოვანია, რომ ეს მოისმინონ უკრაინაში წარმოდგენილი ქვეყნების ელჩებმა, ასევე მოსკოვში მომუშავე ელჩებმა. თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ომი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და მათ ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებს უნდა მიაწოდონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უნდა მოისმინონ შესაბამისმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც ამჟამად ძირითადად მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და რუსეთის სხვა საკვანძო მიმართულებებზე ასრულებენ რეისებს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის ცაზე არსებული საფრთხეების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან. დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის  ადგილი არ არის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა და გაიხსენა, რომ კიევი არ ესხმოდა თავს რუსეთის ტერიტორიას, როდესაც ამას პარტნიორები სთხოვდნენ.

"რუსეთის ცაზე უსაფრთხოება დაბრუნდება. ის დაბრუნდება მაშინ, როდესაც მშვიდობისკენ ნამდვილი პროგრესი დაიწყება. რუსეთის თავზე ცა ახლა დრონებისთვისაა და არა სამოქალაქო ავიაციისთვის, სანამ ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები