Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

რეგიონები
103
Frontnews
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ანაკლიის, განმუხურის, დარჩელის, კიროვის, ცვანეს, ერგეტისა და ორულუს მოსახლეობას წარუდგინა.

მერმა მოქალაქეებს განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, არსებული საჭიროებები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. განხორციელდა 85 ინფრასტრუქტურული პროექტი. მიმდინარეობს 51 და წლის ბოლომდე დამატებით 53 პროექტი განხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 22 958.2 ათასი ლარი. რეაბილიტირდება 35 კმ-მდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.

მერის თქმით, რეაბილიტირებულია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი ყველა გზა, მაგრამ მთავარ გამოწვევად რჩება შიდა გზები, რაც ეტაპობრივად მოწესრიგდება.

სრულად გაზიფიცირებულია ქალაქი და ყველა ადმინისტრაციული ერთეული.

მთავარ გამოწვევად რჩება ქალაქის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, პრობლემის საბოლოოდ მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წლის ბოლომდე განხორციელდება 68 პროექტი.

მერმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეც გაამახვილა ყურადღება. მიმდინარე წელს საჯარო სკოლებში 1,3 მილიონი ლარის ღირებულების 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭითაწყარის საჯარო სკოლას, ახალი სკოლა შენდება ნაწულუკუში, აგრეთვე აშენდა აფხაზეთის XI საჯარო სკოლა. აშენდება დარჩელის მეორე საჯარო სკოლა, უკვე დაწყებულია შამგონის სკოლის მშენებლობა.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს ორულუს, ახალაბასთუმნისა და ჯიხაშკარის საბავშვო ბაღების მშენებლობას. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა უკვე დაგეგმილია ჭკადუაშში. ქალაქში, ეგრისის ქუჩაზე 200 ბავშვზე გათვლილი N9 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება.

რაც შეეხება უკვე აშენებულ 9 საბავშვო ბაღს, მერის ინფორმაციით, აღნიშნული ბაღების ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს და ეტაპობრივად 9-ვე აშენებული საბავშვო ბაღი აღიჭურვება.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ერთი წლის განმავლობაში აშენდა 9 ახალი მინი-სტადიონი და 8 სტადიონს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. დაგეგმილია ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

მერის სტიპენდია დაენიშნა 146 სტუდენტს.

2015 წლიდან დღემდე აშენდა 172 სახლი.

მუნიციპალური სოციალური პროგრამებით ისარგებლა 4 364 მოქალაქემ, რაზეც გაიხარჯა 1 835 000 ლარი.

ჯანდაცვის პროგრამებით ისარგებლა 3 035-მა მოქალაქემ, რომელთაც საერთო ჯამში დაუფინანსდათ 1 895 114 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება.

მერმა ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზეც გაამახვილა ყურადღება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო განმუხური-ანაკლიის სანაპირო ზოლის პროექტირება, რომელიც 67 ჰექტარზე თანამედროვე, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითვალისწინებს.

მოსახლეობასთან ერთად ანგარიშის წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები