Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზურაბ პატარაძე - Cipriani-ის პროექტი ბათუმის საერთაშორისო პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს

რეგიონები
110
Frontnews
ზურაბ პატარაძე - Cipriani-ის პროექტი ბათუმის საერთაშორისო პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს

ბათუმში მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდის, Cipriani-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო დონის პლატფორმად ყალიბდება, ხოლო აჭარა საერთაშორისო ბრენდული კომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

"დღეს საქართველო მსოფლიო დონის პლატფორმად იქცა და ამავდროულად აჭარა ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდული კომპანიისთვის. ამ ყველაფერს ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი კურსი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში ისეთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა, როგორიც Cipriani-ია, ქალაქის საერთაშორისო პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. მისი თქმით, ბრენდის პრემიუმ სეგმენტის გამოცდილება ბათუმს ახალ, გამორჩეულ ხასიათს შესძენს.

"Cipriani-ის პრემიუმ ხაზი მთელ მსოფლიოში ასოცირდება უმაღლესი სტანდარტის მომსახურებასთან, სერვისებთან და წარმატებასთან. დღეს ეს იტალიური გამოცდილება აჭარის რეგიონში შემოდის და ბათუმს სრულად ახალ, განსხვავებულ, თავისი კოლორიტით სავსე ხასიათს შესძენს,“ განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა ბათუმისა და აჭარის მზარდ საინვესტიციო მიმზიდველობაზე და აღნიშნა, რომ პროექტისთვის ბათუმის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა. მისი თქმით, რეგიონში განხორციელებული პროექტები, მზარდი ცნობადობა და ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობა ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

"ამ პროექტის განსახორციელებლად ბათუმის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. დღეს ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ცნობადობა და ჩვენი წინ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. სწორი კოორდინაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აჭარის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებაა.

"ჩვენი უცვლელი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა აღმოაჩინოს აჭარა, მისი ულამაზესი კუთხეები, შავი ზღვის სანაპირო, მისი ულამაზესი მთა და ბარი, მდიდარი კულტურა და უნიკალური რესურსები და, რა თქმა უნდა, ჩვენი განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, Cipriani-ის პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას და აჭარის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები