ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზურაბ პატარაძე გამოფენის "AGRO BATUMI 2026“ გახსნას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“ გაიხსნა
გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ გამოფენის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აგროსასურსათო სექტორის განვითარებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"AGRO BATUMI რეგიონის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გამოფენა ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქცია ფართო აუდიტორიას გააცნონ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, ახალი საქმიანი კავშირები დაამყარონ და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პერსპექტივები გააფართოონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და აგროსასურსათო სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
გამოფენაზე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებია წარმოდგენილი, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სურსათის, სასმელების, ღვინის წარმოების, გადამუშავების, აგროტექნოლოგიებისა და აგრობიზნესის სექტორებში საქმიანობენ.
ორი დღის განმავლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, პოტენციურ მყიდველებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარუდგინონ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნონ.
ღონისძიებას, რომელიც კომპანია „ჯეონეტ ექსპოს" ორგანიზებით და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე




