ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა თურმანიძესთან დაბა ქედაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურის ცენტრის პროექტი შენობის სრულ შიდა და გარე რეაბილიტაციას ითვალისწინებს. განახლებულ შენობაში შეიქმნება მრავალფუნქციური სივრცე, სადაც სახელოვნებო სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი განთავსდება. მოეწყობა 300-მდე მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, რომელიც თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით აღიჭურვება. განახლებული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მისცემს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.
მთავრობის თავმჯდომარე დაბა ქედაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი ფერდსამაგრი კედლის მშენებლობასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც ითვალისწინებს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.
ზურაბ პატარაძე დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს მათ საჭიროებებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქედის განვითარების შესაძლებლობებზე გაესაუბრა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე




