ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზურაბ პატარაძემ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ავტორი
Frontnews საქართველო
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია შტაბის საქმიანობის შესახებ და განიხილა რეგიონში ციტრუსის მოსავლის დაბინავების, რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფერმერებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებაზე, ლოგისტიკური პროცესების კოორდინაციასა და მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფაზე.
ზურაბ პატარაძემ შესაბამის უწყებებს სეზონის ორგანიზებულად წარმართვისთვის აქტიური მუშაობის და საკოორდინაციო შტაბთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლებზე, საექსპორტო ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების მზადყოფნაზე ასევე, არასტანდარტული ნაყოფის რეალიზაციის საკითხებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ფერმერების ხელშეწყობის პროგრამით სუბსიდირების საკითხსაც და აღნიშნა, რომ მოსავლის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი და ქედის მუნიციპალიტეტში ერთი, ჯამში 3 საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით უზრუნველყოფს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საკოორდინაციო შტაბის წევრებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად მიმდინარეობის ხელშეწყობის, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ და ხაზი გაუსვა შტაბის საქმიანობის ეფექტიანობის მიზნით დაგეგმილი აქტივობების მნიშვნელობას, კერძოდ: არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესის მონიტორინგს, ცხელი ხაზის გამართულ ფუნქციონირებას და ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული ინფორმაციით მოქალაქეების სისტემატურ უზრუნველყოფას. ამ და სხვა საკითხების ორგანიზების მიზნით საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები გიორგი ფანცხავა და მირიან ქათამაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბერძენიშვილი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ირაკლი ონიანი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
თაგები:
ზურაბ პატარაძე




