Logo

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა

რეგიონები
309
Frontnews
29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა

კარდიოლოგიური სერვისები აჭარაში, გაზრდილი ხელმისაწვდომობა და ახალი შესაძლებლობები - თემის ირგვლივ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კარდიოლოგებს, კარდიოქირურგებს და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს მიერ კარდიოლოგიის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ექიმებისგან მოისმინა სფეროში არსებული საჭიროებები და მოსაზრებები, ხოლო პაციენტებმა აუდიტორიას საკუთარი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების ისტორია გაუზიარეს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აუმჯობესებს გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამას.

2026 წელს დაემატა ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

პროგრამის მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ლეტალობის პრევენცია და პაციენტებისთვის საჭირო მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გასულ წელს სამინისტრომ დაიწყო გულის სარქვლის ძვირად ღირებული ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება.

TAVI არის ნაკლებად ინვაზიური პროცედურა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ქირურგიული რისკის მქონე პაციენტებისთვის. მისი დაფინანსება მნიშვნელოვნად ზრდის თანამედროვე კარდიოლოგიურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებისა და ლეტალობის პრევენციას.

პროგრამის ფარგლებში TAVI-ის ოპერაცია უკვე დაუფინანსდა 24 პაციენტს, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიონამდე ლარი.

სამინისტრო გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ასევე აფინანსებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას, შესაბამისად აჭარაში კარდიოქირურგია სრულად ფინანსდება.

გარკვეული სოციალური კატეგორიის მოქალაქეებს უფინანსდებათ გულის დაავადებების სადიაგნოსტიკო ძვირად ღირებულ გეგმური კვლევები, როგორიცაა გულის ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფია, კარდიოვერსია და სხვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ასევე ფინანსდება გულის ტრანსპლანტაცია.

მიმდინარე წელს უკვე 4.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა მოქალაქეების სამედიცინო საჭიროებების დასაფინანსებლად - სამინისტროს დაფინანსებით უკვე ისარგებლა 3 100-მდე მოქალაქემ.  2025 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებით ისარგებლა 2 623 მოქალაქემ, გამოიყო 4 499 680 ლარი.

მომავალ წელს სამინისტროს კარდიოლოგიური და კარდიოლოგიური სერვისების დაფინანსებას 700 000 ლარით გაზრდის და ჯამში 5 მილიონ 200 000 ლარი გამოიყოფა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები