4 ოქტომბრის საქმეზე, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს

ავტორი
Front News საქართველო
4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები კი სხდომათა დარბაზიდან 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდებიან.
აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან გათავისუფლდებიან - ალექსანდრე ხაბეიშვილი; ბექა ქელეხსაშვილი; გიორგი მუმლაძე; მამუკა ლაბუჩიძე; გურიელ ქარდავა; ავთანდილ სურმანიძე; თემურ ქურციკიძე.
საქმის პროკურორის ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა ბრალი აღიარეს და მოინანიეს.
"მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს და ინანიებს 12-დან 7 ბრალდებული და სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომათა დარბაზიდან.
ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ბრალად წარდგენილი ბრალდებები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ვიდეომასალებშია ასახული", - განაცხადა ლაშა ცქვიტარიამ.





