707 975 ლარის და 296 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეებს ატყუებდა, რომ ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა.
ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თერთმეტი დაზარალებულისგან მოტყუებით დაეუფლა 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს, რამაც დიდი ოდენობით - 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





