ადვოკატები - უკანონოდ მოითხოვეს ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღით


ავტორი
Front News საქართველო
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, აქტივისტ ნინო დათაშვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
მათივე თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ თუ დათაშვილი უარს განაცხადებს აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებაზე, ეს პროცესი იძულებითი ღონისძიებების საშუალებით მაინც განხორციელდება. ანუ სასამართლომ, დათაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, გასცა ნებართვა, გადაიყვანონ აქტივისტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
"პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართა. კონკრეტულად, ნინო დათაშვილის შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, მოითხოვა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შეურაცხადობის საკითხის გამორკვევა, ყოველგვარი კრიტერიუმის და საფუძვლის გარეშე.
სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. მან არ მისცა დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგანაც მან არ იცოდა, რა პროცესი განიხილებოდა მის წინააღმდეგ. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი წინააღმდეგი იქნება ექსპერტიზის ჩატარებაზე, გატარდება იძულებითი ღონისძიებები. ეს ნიშნავს იმას, სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა", - განაცხადეს ადვოკატებმა.
უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ემოციური ლაბილობა - ტირილი, ემოციის მატება - დათაშვილის 2019 წლიდან, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიდან გამომდინარე აღენიშნებოდა. ხოლო მისი ეს მდგომარეობა სამედიცინო ჩანაწერებში აღნიშნულია როგორც დიაგნოზი და არა სიმპტომი.
"პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომლებიც დაცვის მხარემ პირველ წარდგენაზე გაუცვალა პროკურატურას. მათში მითითებულია, რომ დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი - ხერხემლის, მალთაშუა დაზიანება და ამასთან ერთად თიაქარი, რადიკულიტი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა. ხაზს ვუსვამ, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას აღენიშნებოდა ემოციური ლაბილობა 2019 წლიდან - ტირილი, ემოციის მატება, რაც, არც ერთ შემთხვევაში, არ არის დიაგნოზი, ეს არის სიმპტომი და თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაც", - განაცხადეს ადვოკატებმა.
მათივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯით პროკურატურა ცდილობს უკანონოდ გაუხანგრძლივოს დათაშვილს პატიმრობა.
"ეს პროკურატურისთვის ცნობილი იყო. ამ დროის განმავლობაში, გამოძიებამ არანაირი ღონე არ იხმარა, რომ ნინოს ჯანმრთელობასთან მიმართებაში რამე ზომები მიეღო. მაშინ, როცა ფაქტიურად დასრულდა გამოძიება და წინა სასამართლო სხდომაზე პროკურატურას ევალებოდა, რომ უფრო მაღალი სტანდარტით დაემტკიცებინა და დაედასტურებინა დათაშვილის პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა, მან მიმართა ასეთ ხერხს, უკანონოდ მოითხოვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღით", - განაცხადეს ადვოკატებმა.
თაგები:
ნინო დათაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს