Logo

ადვოკატი - აღიარების გარეშე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

სამართალი
96
Frontnews
ადვოკატი - აღიარების გარეშე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება მოხდა, აღიარების გარეშე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების უფლება კანონითაა მინიჭებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის.

"ჩემი მხრიდან სამართლებრივი შეფასებები არაერთხელ გაკეთებულა ორგანიზატორობასთან დაკავშირებით, რაც საქმეზე შეკრებილ და პირველის ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა. სამართლებრივი შეფასების უარყოფას ნამდვილად არ ვახდენ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების უფლება კანონით მინიჭებული უფლებაა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის, ამ უფლების გამოყენება არ შეიძლება არასწორად განიმარტოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება მოხდა, აღიარების გარეშე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს", - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა. მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს.

ამავდროულად, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები