ადვოკატი - პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს.
"მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ:
დღეს, როდესაც პროკურატურამ საჯაროდ ისაუბრა ნიკო კვარაცხელიას საქმეზე და იგი გახსნილად გამოაცხადა, უკვე შემიძლია ჩემი კლიენტის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის, სახელითა და მისი თანხმობით, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში დახურულ ფორმატში, კონფიდენციალურობის დაცვით, მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, იხსენებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავების დღეს.
პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილეები - ალეკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე დააკავა.
პოლიციის უფროსი, პირველი გაესაუბრა და მოისმინა ისტორია: ინფორმაცია დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ, გარემოებები, რომლებიც ობიექტური გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
ყოფილი პოლკოვნიკი ფლობს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებმაც დამნაშავეებს წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მიაკითხეს და ისინი გამოსაკითხად წაიყვანეს.
დღეს პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში", - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.





