Logo

აკაკი ბობოხიძე - უსაფრთხოებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა, რომელსაც რეალური მომავალი აქვს

პოლიტიკა
1 საათის წინ / 00:05
Frontnews image description

დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობა დგას მკაფიო, დაუფარავი არჩევანის წინაშე - ან რუსიფიკაცია, ან სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევანი არ არის მშვიდობასა და ომს  შორის, არამედ დამოუკიდებლობასა და მორჩილებას შორის.

“ბუნებრივია, დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობის პირობებში, რისკები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის განწყობებზე, ადამიანებში გაძლიერებულია შიში და დაუცველობის განცდა. არაა გამორიცხული, რომ "ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც კი იგრძნობს ამ საფრთხეს.

დღეს საქართველოს მოსახლეობა დგას არჩევანის წინაშე: უნდა დანებდნენ იმ ძალას, რომელიც თავადვე ქმნის ამ საფრთხეს, ანუ რუსეთს, ან პირიქით, სწრაფად უნდა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება, დაიცვან დამოუკიდებლობა და დემოკრატიული განვითარება.

სამწუხაროდ, მმართველი ძალა, "ქართული ოცნება" მოქალაქეებს სთავაზობს პირველ ვარიანტს: საფრთხის წყაროსთან მორგებას და დათმობას, რაც რეალურად ნიშნავს ეროვნული ინტერესების უარყოფას და სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის, გაქრობის პერსპექტივას.

ისტორია გვასწავლის, რომ რუსეთთან “მშვიდობა” უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს არა სტაბილურობას, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებას. რუსეთი ვერ შეეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას და ყოველთვის შეეცდება მის კონტროლს. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკება მათთან თანასწორ პირობებში უბრალოდ ილუზიაა - ამ მტრულ ძალასთან თავდადება გამოსავალი არ არის.

მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს არჩევანი არ არის მშვიდობასა და ომს  შორის, არამედ დამოუკიდებლობასა და მორჩილებას შორის. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა, რომელსაც რეალური მომავალი აქვს. ხელისუფლების მხრიდან დანებება კი ნიშნავს ერის, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის გაქრობას.

დღევანდელი რუსეთთან ურთიერთობა დგას მკაფიო, დაუფარავი არჩევანის წინაშე - ან რუსიფიკაცია, ან სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. პუტინის რეჟიმის სახით საქმე გვაქვს იმპერიასთან, რომლისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიუღებელია. რუსულ იმპერიაში ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობის შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლია.

ამ რეალობაში მხოლოდ ერთი გეგმა გვრჩება როგორც გადარჩენის გზა - უსაფრთხოების საგარანტიო სისტემებში ინტეგრაცია, პირველ რიგში, ნატოში გაწევრიანება და დასავლური სტრუქტურების მჭიდრო ნაწილად ქცევა. ეს არ არის უბრალოდ საგარეო პოლიტიკის არჩევანი - ეს ჩვენი ეროვნული გადარჩენის აუცილებლობაა", - განაცხადა ბობოხიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები