აკია ბარბაქაძე – ჯერ არ ყოფილა ისტორიაში, არმიას მოსახლეობისთვის მოეგო, მტერი კიევთან განადგურდება


ავტორი
Front News საქართველო
ომის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ რა ფაზაშია გადასული უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, რას გეგმავს ოკუპანტი რუსეთი და რა პერსპექტივა აქვს კრემლის მიერ წამოწყებულ საბრძოლო ავანტიურას, – ამ და სხვა საკითხებზე Fron News-ს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი, პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე ესაუბრა.
– რუსეთის არმიას ოპერატიული პაუზა აღებული აქვს, ის ახლა გადაჯგუფებით არის დაკავებული. არის მოსაზრება, რომ ის აპირებს სამხრეთის მიმართულებით გააქტიურებას, არ გამოირიცხება ოდესაში დესანტის გადასხმა. მას ახლა სჭირდება წარმატების ეფექტის შექმნა, გარკვეული წარმატების ილუზიის შექმნა, რომ ის პანიკა, რომელიც დაწყებულია მათ შეიარაღებულ ძალებში, მოსახლეობაში შეამცირონ და რაღაც ფორმით სახე შეინარჩუნონ, თან მოიგონ დრო, რომ მოხდეს დაკომპლექტება, რესურსების მოზიდვა, რომ ისევ გააგრძელონ კიევზე შეტევა. რუსეთის მიზანია, რომ რაღაც კოზირები ჰქონდეს, რითაც დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა მას ამის არც რესურსი, არც დრო არ აქვს. რუსეთის შეიარაღებული ძალების კულმინაციის დონე უკვე ძალიან დაბალ ნიშნულზეა დავარდნილი, მას არ შეუძლია შეტევითი ოპერაციის გაგრძელება. მათი გეგმა, რომ შავი ზღვიდან მოეწყვიტათ უკრაინა, აეღოთ კიევი და დაესვათ იქ მარიონეტი ხელისუფლება, ვერცერთი ეს ამოცანა ვერ შეასრულეს და ახლა ცდილობენ, რომ ომი გადაიყვანონ გაჭიანურებულ ფაზაში, ამით იგებენ დროს, სარაკეტო დარტყმებით ანადგურებენ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაულებრივი ომი, მაგრამ ისინი თვლიან, რომ მეტი აღარაფერი აქვთ დასაკარგი, ისედაც არიან ჟენევის ტრიბუნალის „კლიენტები“. აგრძელებენ ამ სტრატეგიას, მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლას, რომ პანიკაში ჩაყარონ ადამიანები და გატეხონ უკრაინელი ერის ნება, რასაც ვერ მოახერხებენ.
– მოსახლეობის წინააღმდეგ გაჩაღებული სასტიკი ბრძოლები, რასაც ვხედავთ, არის თუ არა რუსული არმიის სისუსტის მაჩვენებელი?
– ეს არის მათი სისუსტის, შიშის და პანიკის დემონსტრირება, სისასტიკე ყოველთვის მოდის სისუსტისაგან, ძლიერი არასოდეს სასტიკი არ არის. მათ რომ ჰქონოდათ რეალური წარმატება, ეცდებოდნენ შედარებით ღირსეულად წარმოჩენილიყვნენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ დაკარგეს საერთოდ ადამიანური სახე. მთელი მსოფლიო მათ ადარებს მონღოლების ურდოს და ბარბაროსებს.
– რუსეთის სასარგებლოდ უცხოელი მოხალისეების, სირიელების, ჩეჩნების ჩართულობის შესახებ რას იტყვით? ავღანელების ჩართულობის შესახებაც კი განაცხადეს იქ მყოფმა მებრძოლებმა, რამდენად სერიოზული შეიძლება იყო მათი მონაწილეობა?
– რუსეთი ბოროტების ღერძს აკეთებს. მას ძალიან უჭირს, მისი მოსახლეობის მოტივაცია არის ძალიან დაბალი, რეალურად, მათ თავიანთი პროპაგანდა ვერ „გაყიდეს“ ვერც საკუთარ მოსახლეობაზე და ვერც საერთაშორისო საზოგადოებაზე. რეალური მოკავშირე ვერ შეიძინეს, მათ ჰქონდათ ილუზია, რომ ჩინეთი, ირანი და ე.წ. ბოროტების ღერძის ქვეყნები მისი მოკავშირე იქნებოდა. პუტინის მოკავშირე არის მხოლოდ ბაშარ ალ ასადი, რომელსაც თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს. ვნახავთ, რომ მისი მებრძოლები უკრაინაში საკმაოდ უსუსურები აღმოჩნდებიან, უკრაინის ნიადაგის ნეშომპალად იქცევიან. რაც შეეხებათ ჩეჩნებს, ეს არის ფაქტობრივად, მისი ვასალი, ფეოდალური წარმონაქმნი, კადიროვის დაჯგუფების სახით. ჩეჩენი ხალხი სულ სხვა აზრზეა და ეს გამოჩნდება ცოტა ხანში.
– კადიროვი დღეს გროზნოს აეროპორტში დააფიქსირეს, საკითხავია, რამდენად არის კადიროვის დაჯგუფება ჩართული საბრძოლო მოქმედებებში?
– რა უნდა შეძლოს კადიროვმა უკრაინაში? უკრაინაში ხდება ისეთი რამ, რაც რუსეთს აპრიორშივე წაგებულ მდგომარეობაში აყენებს, ეს არის არმიის ომი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჯერ არ ყოფილა ისტორიაში, რომ არმიას მოსახლეობისთვის მოეგო, თან ეს არ არის პატარა ქვეყანა. უკრაინას აქვს როგორც სივრცე, ისე რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სხვა რესურსი, მთელი ცივილიზებული სამყარო მუშაობს ახლა უკრაინის რესურსის გაზრდაზე, ხანგრძლივ კი არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში არანაირი შანსი არ აქვს რუსეთს, ახლა გაზაფხული მოვა და გაიფოთლება ტყეები, თქვენ იცით, რომ უკრაინის ტერიტორია არის საკმაოზე მეტად ტყიანი, რაც პარტიზანული ბრძოლებისთვის არის ხელსაყრელი.
– დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის ტყეების გაჩეხვას გეგმავს, რამდენად შესაძლებელია ეს?
– რას იზამენ, გადაწვავენ ტყეებს, თუ ტყის მცველებს ჩამოიყვანენ ციმბირიდან, ხერხებით მოჭრიან ამ ტყეებს, თუ როგორ წარმოგიდგენიათ? როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, ამ მდგომარეობაში არიან ახლა რუსები.
– რაც შეეხება კიევის თემას, რამდენად შეძლებს ქალაქი თავის დაცვას და როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?
– კიევი იქცევა მეორე სტალინგრადად, რადაც იქცა სტალინგრადი ჰიტლერისთვის, იგივე იქნება კიევი პუტინისათვის. ანუ, უკანასკნელ რესურსებს მიაყრის იქ მტერი და განადგურდება. ეს მოხდება უკრაინელი ერის დიდი მსხვერპლის ფასად, დიდი რესურსების გამოყენებით, რომელსაც მიაწვდის უკრაინას ცივილიზებული სამყარო, მაგრამ ეს დასრულდება რუსეთის არმიის სრული განადგურებით.
ირინა მაკარიძე
Fron News
თაგები:
უკრაინა