ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ ყველას, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ ყველას, ქართველს, თუ უცხოელს, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში. მინდა, ტყუილუბრალოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელი შევუწყო, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ზის ციხეში და ეს პატივია და არა სასჯელი
"უპირველესად, ყველას მოგესალმებით! ამ სტატუსს ისევ პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით და სამძიმრით დავიწყებ. ღმერთმა გაანათლოს მისი დიდებული სული. მჯერა იქ, მაღლა საქართველოში ილოცებს აქაური საქართველოს დამშვიდებასა და წინსვლაზე.
რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს. მეოთხე თვეა, ტერორიზმის ბრალით ვზივარ ყველაზე მკაცრ ციხეში, 15-წლიანი სასჯელი მემუქრება, მაგრამ ბრალზეც და სასჯელზეც მეღიმება, თუმცა ეგ ცალკე ამბავია. რასაც თვალს ვადევნებ, ვხედავ რომ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის“ უმძიმესმა დასკვნამ და განსაკუთრებით რეკომენდაციებმა ამათ, ამ მავნებლებს ძალიან მოუჭირათ. „ოცნების“ ხალხს მოხარშულს ვიცნობ და ზუსტად ვგრძნობ, რომ მოუწევთ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
"გვაჩვენეთ სიებიო" გაიძახიან დღე და ღამ, რაც ნიშნავს, რომ აშკარად თავისი სია მზად აქვთ, მაგრამ თითოეულ პატიმარზე ვაჭრობას აპირებენ. ჩემს გვარსაც ახსენებენ და ამბობენ, ეს ტერორისტი როგორ არის, პოლიტპატიმარიო. ჩემი გვარის ტრიალი სხვების გათავისუფლების პროცესის გაწელვის და დაზიანებისთვის სჭირდებათ. მე მინდა კოვზი ნაცარში ჩავუგდო და ვთქვა ხმამაღლა: მე, ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე. მოვუწოდებ ყველას - ქართველს, თუ უცხოელს არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში.
მინდა ტყუილუბრალოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელი შევუწყო. ესაა ჩემი პრინციპული პოზიცია! ღმერთია მოწმე, მე არც ჯარისთვის ლუკმა მომიპარავს, არც ოქროს ზოდები უპოვიათ ჩემს სახლში და არც საყაჩაღოდ შევსულვარ არსად. საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ვზივარ ციხეში. ეს პატივია და არა სასჯელი.
მე ჩემს საკანში უდიდესი კმაყოფილებით ვნახავ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლების კადრებს და იმ ურემს დაველოდები, რომელიც აუცილებლად გამოაგორებს ჩემ წილ სამართალს. ასე რომ შეხვედრამდე.
პატივისცემით ალეკო, მე-6 მაღალი რისკის საპყრობილე. 25-ე საკანი“, - აღნიშნულია წერილში.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი




