Logo

ამერიკელი სენატორები - ტრამპი პუტინს მეგობარს უწოდებს, რუსეთი კი აშშ-ის მოკავშირეების საჰაერო სივრცეს არღვევს

მსოფლიო
576
Frontnews
US Senators Jeanne Shaheen and Chris Coons. File photo
US Senators Jeanne Shaheen and Chris Coons. File photo

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი კრის კუნსი რუსეთის მიერ პოლონეთისა და იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობენ და აცხადებენ, რომ მოსკოვის პროვოკაციებზე ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების პასუხი სწრაფი და ერთიანი უნდა იყოს.

20 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში სენატორები აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ და მიიჩნევენ, რომ კრემლის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებით უნდა უპასუხონ.

განცხადება რუსეთის მიერ პოლონეთისა და იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებს მოჰყვა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა.

„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმირ პუტინის მიმართ თბილ დამოკიდებულებას ავლენს, რუსეთი აგრძელებს ამერიკის მოკავშირეების საჰაერო სივრცის მიუღებელ დარღვევებს. ჰიბრიდული თავდასხმების ეს სახიფათო პრაქტიკა, რომელსაც პუტინი ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით კი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, ჩვენი სიმტკიცის გამოცდა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობაა“, – აღნიშნული სენატორების განცხადებაში.

შაჰინისა და კუნსის შეფასებით, რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო რეაგირება დაუყოვნებელი და კოორდინირებული უნდა იყოს.

„ამ ინციდენტებზე შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების პასუხი სწრაფი და ერთიანი უნდა იყოს. რუსეთის დაშინების მცდელობების საპასუხოდ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ უნდა გაიზარდოს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი ამ პროვოკაციებს უგულებელყოფს და ჩინეთში გამართულ სამიტზე პუტინს მეგობარიც კი უწოდა“, – აცხადებენ სენატორები.

ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ჩინეთში გამართული სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი უფრო მეტად დარწმუნდა საკუთარი მოქმედებების შესაძლებლობებში, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდობის მისაღწევად დათმობებისთვის მზადყოფნა გამოევლინა.

„ამ სამიტზე ამერიკის სიძლიერის დემონსტრირების ნაცვლად სისუსტე ვიხილეთ. აშკარაა, რომ პუტინი შეხვედრებიდან უფრო გათამამებული გამოვიდა და არა მშვიდობის დამყარებისთვის მეტად მზად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სენატორების თქმით, მიუხედავად აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციისა, კონგრესი ამერიკის მოკავშირეების მხარდაჭერას განაგრძობს.

„კონგრესი მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკის მოკავშირეებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ვალდებულებას, დავიცვათ შეერთებული შტატების ინტერესები და მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებენ ჯინ შაჰინი და კრის კუნსი.

20 ნოემბერს პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის რამდენიმე შემთხვევის შესახებ განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მომხდარი შესაძლო მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა.

რუსული სამხედრო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ იაპონიამაც გაავრცელა ინფორმაცია. ტოკიოს განცხადებით, ინციდენტს იაპონიის თავდაცვის ძალების რეაგირება მოჰყვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები