ამირან გამყრელიძე – კოვიდით სიკვდილიანობამ გაასწრო გარდაცვალების ისეთ მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე

ავტორი
Front News საქართველო
კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირაში პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გარდაცვალების ისეთ მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დღიურად 60 ადამიანის გარდაცვალება ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
“ზოგადად, სიკვდილიანობის განხილვა პროფესიულ საზოგადოებაში ხდება. ჩვენ დღეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს 1,35%. ეს არის ე.წ. კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომლითაც ითვლება, თუ რამდენი ადამიანი დაგვეღუპა და რა შეფარდებაა მისი დაინფიცირებულებთან, ანუ დღეს ნახევარ მილიონზე მეტია ქვეყანაში დაინფიცირებული, ეს არის 1,35%.
საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელი არის 2,1%. თუ ამ პროცენტებით ვისაუბრებთ, ჩვენი მაჩვენებელი არ არის განსაკუთრებით ისეთი დიდი, მაგრამ თითოეული გარდაცვალება, რაც დღეს ხდება, როდესაც დღეში 60 გარდაცვალება გვაქვს ამ პატარა ქვეყანაში, როცა პიკზე 74 გვქონდა, ძალიან მაღალია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. პირველი განმაპირობებელი არის ის, რომ დღეში ინფიცირების 5 ათასი შემთხვევა გვაქვს.
რაც შეეხება პროტოკოლს, ის გარკვეული პერიოდულობით იხვეწება. ჩვენი დღევანდელი პროტოკოლი ერთ-ერთი კარგი პროტოკოლია. მეორე მხარეა, თუ როგორ სრულდება ის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე




