ამირან გამყრელიძე – ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება, სექტემბრის დასაწყისში გაკეთდება განცხადება

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრი წამახალისებელი ღონისძიებები იქნება, რათა უფრო მეტი ადამიანი აიცრას.
“სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის ღონისძიებებს ვიყენებთ, რომ რაც შეიძლება მეტი აცრილი გვყავდეს. ჩვენ აგვისტოში გავალთ აცრების რაოდენობით სადღაც 700 ათასამდე, რაც სერიოზული ნაბიჯია. სექტემბერში ეს კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ მილიონს გავაკეთებთ. ივლისში ამ მხრივ გვქონდა 231 ათასი აცრა.
სექტემბერში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთიანად და ამაში ჟურნალისტების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მომავალი 2-3 თვის განმავლობაში აცრა უნდა იყოს მთავარი საკითხი ქვეყანაში, რადგან აცრებზე გადის პანდემიის დასრულება და კოვიდით სიკვდილიანობის შემცირება. ბოლო ორი დღეა, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს ინფიცირებულთა რაოდენობას, ამაზე იმოქმედა შეზღუდვების დაწესებამ და აცრის გაზრდილმა მაჩვენებელმა.
რაც შეეხება წახალისებას და ლატარიას, წინა საბჭოზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით და ამაზე უკვე შედგენილია სქემაც. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იქნან ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში, პირველში ან ორში გაკეთდება ამაზე განცხადება და მალე დაიწყება ეს ყველაფერი. ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე




