ანა წითლიძე – პარტიებმა მკაფიოდ უნდა თქვან აპირებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მკაფიოდ თქვან აპირებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მეთოდებით პოლიტიკური პარტიების მოტყუებას.
“მე მთელი ეს პროცესი და მიდგომა მახსენებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შემდგომ 2021 წელს, როდესაც მცირე პარტიებმა ბოიკოტი დაარღვიეს, შევიდნენ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მიანიჭეს მას.
მაშინ რომ პოლიტიკურ პარტიებს გაეძლოთ და ბოიკოტი არ დაერღვიათ და მაშინაც ხომ სწორედ იგივე არგუმენტები ისმოდა, რაც ახლა კიდევ ერთხელ გამოჩნდა (გახარიას სქრინებითაც კი), როგორ კრიზისში იყო “ქართული ოცნება“. იმ დროს, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში და ოპოზიცია მყარად დამდგარიყო თავის პოზიციაზე, „ქართული ოცნება“ ვერ გაძლიერდებოდა ისე, როგორც დღეს არის და შესაძლოა, ეს არჩევნებიც ვერ მოეპარათ.
ახლა, როცა ვუსმენ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ „ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის“, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არგუმენტი მათ გადაწყვეტილებას ამართლებს იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
სწორედ ახლაა ამის დრო, რადგან ივნისიდან უკვე იწყება საარჩევნო კამპანია. ამიტომ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მკაფიოდ თქვან აპირებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
მე მინდა განვმარტო, რატომ არ უნდა შევიდნენ ისინი ამ არჩევნებში.
რეალურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი (და საერთოდ ამ საკითხის გაჩენა) მხოლოდ ერთ ძალას აწყობს – “ქართულ ოცნებას“. ამ თემის წამოწევით იგი ცდილობს, შექმნას გაუგებრობა და დემოტივაცია იმ ადამიანებში, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან და პროტესტს გამოხატავენ. პოლიტიკური პარტიების მხრიდან რომ მკაფიო პოზიცია არ იყო, ამან მისცა საშუალება „ქართულ ოცნებას“, თავის ინტერპრეტაციაში გადაათრიოს საზოგადოებრივი ყურადღება.
ამ თემაზე მხოლოდ “ქართულ ოცნებას” შეიძლება აწყობდეს დისკუსია, რადგან მას აქვს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა და აშკარად ეშინია, რომ დარჩება ლეგიტიმაციის გარეშე”, – განაცხადა წითლიძემ.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის ემზადებიან და არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად არ არის.
თაგები:
ანა წითლიძე




