Logo

ანა წითლიძე - ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც სრულად ამახინჯებს კონსტიტუციური სამართლის და ევროპული სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპებს

პოლიტიკა
66
Frontnews
ანა წითლიძე - ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც სრულად ამახინჯებს კონსტიტუციური სამართლის და ევროპული სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპებს

თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. 

მისი თმით, მოსარჩელე მხარე ცდილობს, მმართველი გუნდის ნებისმიერი კრიტიკა დემოკრატიის უგულებელყოფად შეფუთოს.

"დღეს აქ, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში არ წყდება მხოლოდ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი. აქ წყდება ბევრად უფრო დიდი საკითხი, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფოს უფლებამოსილებას შორის, გამოიყენოს მთელი ეს პროცესი სამართლის და პოლიტიკური ისტორიის გადასაწერად და პოლიტიკური ოპონენტების გასაქრობად. მე არ ვითხოვ ჩემი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური თუ სამართლებრივი წარსულისგან თავისუფლებას, პირიქით, ჩვენ მზად ვართ დღეს აქ, ამ საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვისაუბროთ ყველა ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიუღია. მეტიც, ვისაუბროთ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებებზე, რათა საზოგადოებას ვანახოთ ამ საქმის სრული სამართლებრივი აბსურდულობა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სარჩელს არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია, ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც სრულად ამახინჯებს კონსტიტუციური სამართლის და ევროპული სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპებს.

როდის უნდა იყოს გამოყენებული უკიდურესი ზომა? პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მექანიზმი, ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა ძალადობრივი გზით, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მყისიერი, რეალური და უტყუარი საფრთხე. მოსარჩელე მხარე ცდილობს, რომ ეს მაღალი ევროპული სტანდარტი, თავისი პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად გამოიყენოს და მმართველი გუნდის ნებისმიერი კრიტიკა, დემოკრატიის უგულებელყოფად შეფუთოს.

თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა“, - განაცხადა ანა წითლიძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები