ანა წითლიძე - ის, რაც რეგიონში ხდება, საქართველოსთვის არის გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით

ავტორი
Front News საქართველო
როცა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს ეხება საქმე, ყველაზე უფრო პასუხისმგებელი უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მოლოდინი რატომ გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება უშიშროების საბჭოს შეკრებს, ან რამეს იზამს?, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.
"ის, რაც რეგიონში ხდება, საქართველოსთვის არის გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით. ირანს დღეს მართავს რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა ამოხოცა. ჩვენ ახლა გვყავს ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა დატოვა მოკავშირეების გარეშე. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. ვინც მართავს ახლა ქვეყანას და ვინც გვყავს უსაფრთხოების სისტემაში ამის მიხედვით ჩანს, რომ საქართველოს უსაფრთხოება ვერ იქნება პრიორიტეტული.
რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ ამას საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები ახერხებენ პარტნიორების დახმარებით, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მეზობლად გყავს რუსეთი, "ქართულმა ოცნებამ" კი საქართველო სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვა.
დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმას, რომ ნათელ მხარეს იყო, იმის მხარეს იყო, ვინც სწორია და იმის მხარეს არ იყო, ვინც საკუთარ მოქალაქეებს ქუჩაში ხვრეტს, იმას რომ დავანებოთ თავი, რომ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას ბირთვულ იარაღზე საუბრით. ბირთვული იარაღი განსაკუთრებით საშიშია ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც მართავენ ირანს, რაც ლეგიტიმური საფუძველია იმისა, რომ აშშ-მა და ისრაელმა მასზე იერიში მიიტანოს.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, მოლოდინი რატომ გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება უშიშროების საბჭოს შეკრებს, ან რამეს იზამს ამასთან დაკავშირებით? მე შეგახსენებთ, რომ ასეთ დროს, როცა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს ეხება საქმე, ყველაზე უფრო პასუხისმგებელი უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ვინც გვყავდა რამდენიმე თვის წინ, ის კორუფციის ბრალდებითაა ციხეში, სუსის ყოფილი უფროსი, რომელიც პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, შიდა და გარე დაზვერვაზე, არის ციხეში, ახლა ვინც გვყავს, ყველას უღალატა იმისთვის, რომ თავდაცვის მინისტრი გამხდარიყო და კორუფციულ გარიგებებშია ჩართული, შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, საქართველოს უსაფრთხოება ვერ იქნება პრიორიტეტული", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე




