ანდრიუს კალინდრა – ლიეტუვა ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას თქმით, ვილნიუსში დღეს ლიეტუველი და ქართველი დეპუტატების შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.
“ლიეტუვა ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება. ჩვენ, საქართველოს მეგობრებს გვინდა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. ამისთვის ყველა მხარისგან იქნება საჭირო პოლიტიკური ნება და სიმამაცე. ასე რომ, ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული სიტუაცია, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საკითხში.
ლიეტუვის პარლამენტის ორი წევრი – ერთი ხელისფულების მხრიდან, მეორე კი ოპოზიციიდან, ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და უნდა ვაღიარო, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო ამ პარლამენტარებს მისი მონახულების საშუალება არ მიეცათ.
დღეს ვილნიუსში ვმასპინძლობთ დელეგაციას საქართველოს პარლამენტიდან, რომლის შემადგენლობაში არიან ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მინდა დაგიდასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც იქნება განხილული ლიეტუველი და ქართველი პარლამენტარების შეხვედრაზე”, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.





