Logo

ანდრო გოცირიძე - რუსული ბიზნესის შემოსვლა აუცილებლად მოიტანს რუსული ბიზნესის წესების, რუსული თამაშის წესების შემოტანას საქართველოში

პოლიტიკა
439
Frontnews image description

რუსები აქ მხოლოდ მომხმარებლის როლში კი არ ჩამოდიან, არამედ საკუთარ ბიზნესს აარსებენ.  ეს კიდევ ერთი სახიფათო მომენტია, ის იკავებს ქართული დასაქმებულის და დამსაქმებლის ნიშას და რუსული ბიზნესი ძალიან ახლოს დგას ორგანიზებულ კრიმინალთან, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში რუსული ბიზნესის შემოსვლა აუცილებლად მოიტანს რუსული ბიზნესის წესების, რუსული თამაშის წესების შემოტანას საქართველოში.

"სპეციალისტები, ვინც შეშფოთებას გამოვთქვამთ მზარდი რუსული ფინანსური და მიგრაციული ნაკადების ან ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, სრულად ვაცნობიერებთ იმას, რომ ტურისტული სეზონები, ბევრი ტურისტი, ბევრი დახარჯული ფული კარგია და ამან შესაძლოა, ეკონომიკას მისცეს გარკვეული ბიძგი და სტიმული, უფრო მეტიც, მცირე და საშუალო ბიზნესის კეთილდღეობაც კი განაპირობოს, მაგრამ აქ არ უნდა გამოგვეპაროს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ბოლო წლების ტენდენცია, რომ რუსეთი ეკონომიკას იყენებს პოლიტიკური მიზნით, რუსეთი ეკონომიკას იყენებს მეზობელ ქვეყნებზე ზემოქმედებისთვის და საქართველო, ამ თვალსაზრისით, წარმოადგენს რუსეთის დაინტერესების ობიექტს, ამიტომ, რამდენადაც შესაძლოა, ფინანსურად მომგებიანი იყოს ეს რუსული ბიზნესების საქართველოში დაფუძნება, იმდენად მძიმე ბერკეტი შეიძლება აღმოჩნდეს რუსული ხელისუფლების კრემლის ხელში, როგორც კი საქართველო გადაწყვეტს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის ჩვეულ გზას და გააფართოოს თავისი ურთიერთობები ტრადიციულ პარტნიორებთან.

რუსეთს დეკლარირებული აქვს, რომ  თავისი ქვეყნის მოქალაქეების დაცვის მიზნით ის სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ ერიდება მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რაიმე ალიანსის ქოლგით არ არიან დაცული - იქნება ეს ნატო თუ სხვა მცირე ალიანსები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსები აქ მხოლოდ მომხმარებლის როლში კი არ ჩამოდიან, არამედ საკუთარ ბიზნესს აარსებენ. ეს კიდევ ერთი სახიფათო მომენტია, ის იკავებს ქართული დასაქმებულის და დამსაქმებლის ნიშას და მეორე - რუსული ბიზნესი ძალიან ახლოს დგას ორგანიზებულ კრიმინალთან, რუსული სახელმწიფოს ცხოვრების წესთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში რუსული ბიზნესის შემოსვლა აუცილებლად მოიტანს რუსული ბიზნესის წესების, რუსული თამაშის წესების შემოტანას საქართველოში. ეს წესებია ჩვენთვის უკვე დავიწყებული ქურდული გარჩევების ინსტიტუტი, ორგანიზებული კრიმინალი, რეკეტი. რუსული სახელმწიფო არის კრიმინალისტთა სახელმწიფო ინსტიტუტების გარკვეული სინთეზი და ეს წესები საქართველოსთვის რთულად გადასატანი იქნება. განსაკუთრებით მტკივნეულია მცირე და  მიკრობიზნესის დონეზე", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

Advertisement