ანი ნადარეიშვილი - არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ პროცესზე იმიტომ არის მოსული, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება

ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელი სასამართლო არის ბუტაფორია, არ არსებობს მართლმსაჯულება ქვეყანაში, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.
“დღევანდელი სასამართლო არის ბუტაფორია, არ არსებობს მართლმსაჯულება ქვეყანაში, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ადამიანებს, ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც ყველა პროცესზე, ერთი და იგივე დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან. დავდივართ, რადგან მოწმეებს მოვუსმინოთ და თვალში თვალში გავუყაროთ და კომუნიკაცია გვქონდეს, რასთან დაკავშირებით არის მოსული და რა ჩვენებას იძლევა.
არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ პროცესზე იმიტომ არის მოსული, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ან რაიმე ინფორმაცია მისცეს სასამართლოს. ამიტომ არის დახურული პროცესი, რომ საზოგადოებამ არ ნახოს ეს ვითარება“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ანი ნადარეიშვილი




