ანი ნადარეიშვილი - თავიდან ბოლომდე აბსურდია ეს საქმეები, სასამართლო პროცესების გაჭიანურება ჩვენ არ გვჭირდება

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გადავწყვიტეთ, რამდენიმე მოწმე მოვხსნათ იმიტომ, რომ არიან მოწმეები - ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არიან იმის მოწმეები, რომ მაგალითად ამოიღეს სასამართლო არქივიდან დისკი, ჩანაწერი - ასეთი მოწმეები ნამდვილად არ გვჭირდება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს არანაირი კითხვა მათთან არ აქვს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რამდენიმე მოწმე მოვხსნათ იმიტომ, რომ არიან მოწმეები - ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არიან იმის მოწმეები, რომ მაგალითად ამოიღეს სასამართლო არქივიდან დისკი, ჩანაწერი - ასეთი მოწმეები ნამდვილად არ გვჭირდება.
არანაირი კითხვა მათთან არ გვაქვს, ჩვეულებრივ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.
რაც შეეხება ბაჩოს მხრიდან განცხადებას, ეს არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის მისი აზრის გამოხატვა.
პოლიტიკურია პირველი საქმე და პოლიტიკურია ეს საქმეც. თავიდან ბოლომდე აბსურდია ეს საქმეები. სასამართლო პროცესების გაჭიანურება ჩვენ არ გვჭირდება, უკვე ძალიან ბევრი წელია, ამ სასამართლოებში დავდივართ", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ანი ნადარეიშვილი




