ანრი ოხანაშვილი - გამოძიება არ დასრულებულა, ეს მხოლოდ გამოძიების დასაწყისია, შესაბამისად, ბევრი რამ შეიძლება კიდევ გამოვლინდეს


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გრძელდება გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს.
ოხანაშვილის თქმით, გამოძიება წარმოებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად და დღეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არასწორია.
"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმოკლეს ვადებში, სწრაფად, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უზრუნველყო შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტის და საფუძვლის შექმნა, რათა კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემა მომხდარიყო. გამოძიება არ დასრულებულა, ეს მხოლოდ გამოძიების დასაწყისია. შესაბამისად, ბევრი რამ შეიძლება კიდევ გამოვლინდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ არის კონკრეტული საკითხები, რაზეც გამოძიებამ ინტენსიურად უნდა იმუშაოს. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაც კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით შეიქმნა და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგში გადაიზარდა.
გამოძიება გრძელდება, მე სახელებზე და გვარებზე რომ ვისაუბრო, არასწორია. არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების ვალდებულებაა, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ და უნდა დაელოდოთ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს. სახელებით და გვარებით საუბარი არ არის ამ შემთხვევაში სპეცსამსახურის ფუნქცია და დანიშნულება. ჩვენი ამოცანაა, გავატაროთ ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომ შევისწავლოთ ობიექტურად, სრულად და ყოველმხრივ კონკრეტული ფაქტები. შესწავლის პროცესში რა გამოიკვეთება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. აქედან გამომდინარე, რა რატომ მოხდა, ეს არის გამოძიების შესწავლის საგანი. მე მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ.
გამოძიების ფარგლებში რაც საჭირო იქნება, ყველაფერი განხორციელდება. მე ვთქვი, რომ ყველაფერი არის გასარკვევი, ყოველმხრივ, ობიექტურად. ამას გიდასტურებთ ახლაც. ნებისმიერი საკითხი, რაც დადგება გამოძიების წინაშე, იქნება განხორციელებული. ეს არის ჩვენი ვალდებულება. სახელებით და გვარებით რომ ვისაუბროთ, ამას უნდა მოჰყვეს სპეკულაცია, დამატებითი არასწორი შეფასებები და ამას არ ვაკეთებ. ყველაფერი გაირკვევა. თქვენ გსურთ, კონკრეტულ სახელ და გვარზე მოახდინოთ პედალირება, რაც მე არ მითქვამს, შესაბამისად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ გამოძიების ინტერესებს. გამოძიება არ დასრულებულა, გამოძიება ჯერ ახლა დაიწყო. შეიქმნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სტანდარტი როდესაც იყო, მოხდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგში რეალიზება. გამოძიება გრძელდება, უნდა დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიება დაინტერესებულია არა კონკრეტული სახელებით და გვარებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, აქვს თუ არა ადგილი დანაშაულს.
„ჩვენ სახელებით და გვარებით არ ვინტერესდებით, ჩვენი ამოცანაა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები. ნებისმიერი ქმედება ექვემდებარება შესწავლას, მაგრამ არა სახელებით და გვარებით. არასწორია საკითხის წამოჭრა, რომ ჩვენ სახელები გვაინტერესებს. არა, ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ქმედებები, ადგილი აქვს თუ არა დანაშაულს და ამის შემდგომ ხდება დაინტერესება, ვისი მხრიდან შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ უკანონო ქმედებას ადგილი. ჩვენ ვსწავლობთ ფაქტებს, ვიკვლევთ, გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია. გიდასტურებთ, რომ გამოძიება გრძელდება. გამოძიების ფარგლებში რა გამოიკვეთება და როგორ გაგრძელდება პროცესი, ეს მხოლოდ გამოძიებამ უნდა გვაჩვენოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა: „რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულ იქნა ერთ-ერთი ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაძლოა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და ყველა საკითხს ნათელს მოვფენთ“.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს