Logo

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სათბურის მშენებლობისთვის დაფინანსება მოიპოვა

საზოგადოება
54
Frontnews
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სათბურის მშენებლობისთვის დაფინანსება მოიპოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ, სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის (SLOVAK AID) ფარგლებში, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტი სკოლისათვის სათბურის მშენებლობას ითვალისწინებს.

დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას ხელი სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოში აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია თევდორაძემ და საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ მოაწერეს. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდა.

"მადლობას ვუხდით სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერისთვის და ამ ძალიან საინტერესო პროექტის დაფინანსებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ჩვენი სკოლის განვითარებასა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს, მისცემს მათ შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და ახალი უნარები გამოიმუშაონ“, - განაცხადა გიორგი ძაძამიამ.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 50 კვ.მ ფართობის, სრულად  აღჭურვილი სათბური, სადაც მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკული სასწავლო მეცადინეობების ჩატარებასა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებას. სათბური პრაქტიკულ სასწავლო პროცესში 110-მდე მოსწავლისა და 15 მასწავლებლის ჩართულობას უზრუნველყოფს. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-პატრონობა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა შეისწავლონ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებისათვის სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსაგან მიღებული დაფინანსება პირველი არ არის. 2021 წელს  სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსში თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პროექტმა  გაიმარჯვა, რომლის ფარგლებშიც, სკოლის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოეწყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები