Logo

არჩილ ბერიძე - ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა რეალური პრობლემების გადაწყვეტა და საზოგადოების ნდობის გამართლებაა

პოლიტიკა
56
Frontnews image description

"ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არა ხელოვნური დღის წესრიგის შექმნა, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტა და საზოგადოების ნდობის გამართლებაა. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ვაგრძელებთ მუშაობას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკურსი იყოს  ფაქტებზე დაფუძნებული და ორიენტირებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე. თუმცა, ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საზოგადოებრივი ინტერესების ნაცვლად დეზინფორმაციის გავრცელებასა და მანიპულაციაზე არიან ორიენტირებული.

"ჯერ გვესმოდა ბრალდებები, თითქოს ქვეყანა ინვესტიციების გარეშე რჩებოდა, მაგრამ როგორც კი მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდა, კონსტრუქციული მიდგომის ნაცვლად დაიწყო საუბარი "არაბიზაციაზე“, შიშების გაღვივებასა და ნიჰილიზმის დანერგვაზე, განსაკუთრებით აჭარაში - რეგიონში, რომელიც ყოველთვის ერთგულად იდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისა და მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებებმა საზოგადოებას რეალური სურათი დაანახა და ცხადი გახდა, რომ ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება, ეს თემა ოპოზიციის დღის წესრიგიდან მალევე გაქრა, რადგან ხელოვნურად შექმნილმა ნარატივმა ვეღარ გაამართლა“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

მისი თქმით, მსგავსი მიდგომა გამოიკვეთა განათლების რეფორმის საკითხზეც, სადაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა არგუმენტირებულ კრიტიკას, არამედ დემაგოგიასა და პოპულიზმს. 

როგორც არჩილ ბერიძემ აღნიშნა, იგივე მეთოდი მეორდება სხვადასხვა თემის შემთხვევაში.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის, რაც ვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაციის დროს. მაშინ, როდესაც მინისტრი დეტალურად განმარტავდა იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც სახელმწიფო ვერ ახორციელებს აღნიშნული მედიკამენტის შემოტანას და არგუმენტად საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს იშველიებდა, ოპოზიციის მხრიდან ვიხილეთ არა პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, არამედ ამ უკიდურესად სენსიტიური თემით პოლიტიკური სპეკულაცია სხვადასხვა ლოზუნგებით. ბავშვების სიცოცხლე პოლიტიკური ლოზუნგების თემა არ არის! ბავშვებს სჭირდებათ არა პოლიტიკური ლოზუნგები, არამედ უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებასა და გენერალური პროკურორის ბრიფინგს მოძალადე პირების დაკავებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ყველა დანაშაულს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"აღნიშნულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაანადგურა რადიკალური ჯგუფების მიერ შექმნილი ხელოვნური ნარატივი. საბოლოოდ კი ნათელია, რომ მათთვის არც გამოძიების შედეგია მნიშვნელოვანი და არც სიმართლის დადგენა. მთავარი მხოლოდ პოლიტიკური ხმაურია, რომელიც უნდა გაგრძელდეს მიღებული დავალებების შესაბამისად. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი დღის წესრიგი არ არის ორიენტირებული ქვეყნისა და მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე. ის აგებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მათთვის პოლიტიკური ქულების მომტანი, ხმაურიანი და მოსაწონი გარე აქტორებისთვის“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები