არჩილ გორდულაძე - 2024 წლის 14 მაისს აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება

ავტორი
Frontnews საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო, 2024 წლის 12 და 14 მაისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 12 მაისს, 22:00 საათისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის, ზვიად ჟვანიას, შალვა ჩიტაძის და ბესიკ ჭიჭინაძის ქუჩებზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან იყვნენ განთავსებული.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს 13 მაისს დაგეგმილ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალებას არ მისცემდნენ, პოლიციამ მათ არაერთხელ მოუწოდა შესასვლელების გათავისუფლებისკენ.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა.
„12 მაისი - 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.
მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ დაკავებული იქნა 20 პირი.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი.
პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება“, - განაცხადა გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე




