არჩილ გორდულაძე - პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან მის წარსულ საქმიანობას, მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებენ

ავტორი
Frontnews საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვისას განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან მის წარსულ საქმიანობას, ამ პარტიის მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებენ.
მისი თქმით, თუ პარტიები მკაფიოდ არ გაემიჯნებიან 2004 - 2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას შექმნიან, ეს თავდაცვითი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს, არ იტყვის, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ უნდა მომხდარიყო და მკაფიოდ არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი.
სხვა განმარტების შემთხვევაში გამოდის, რომ არც თავდაცვითი დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპები და არც სამართლებრივი სახელმწიფო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, რომ ერთმა პარტიამ ჩაიდინოს დანაშაული, შემდეგ კი მასთან ახლადაღმოცენებული პარტიები გაერთიანდნენ და კვლავ ფეხქვეშ გათელონ დემოკრატია, დაარღვიონ მისი პრინციპები ისე, რომ თავდაცვითი დემოკრატიის ცნებას და პრინციპს არსებობის შესაძლებლობაც აღარ დარჩეს“ ,- განაცხადა გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე




