Logo

არჩილ გორდულაძე - პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში

პოლიტიკა
101
Frontnews
არჩილ გორდულაძე - პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. 2022 წლის შემდეგ უკრაინაში ჯამში აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია, მოლდოვაში - 2026 წლის ივლისში 4, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

მისი შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ იცავს იმ ძალების საქმიანობას, რომლებიც ძალადობას ახალისებენ ან დემოკრატიულ პრინციპებს უგულებელყოფენ. 

გორდულაძე ხაზს უსვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში პარტიების აკრძალვის მრავალი მაგალითი არსებობს და წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი სრულად ემყარება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს.

"პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მართალია, პოლიტიკური პარტიები პლურალიზმისა და დემოკრატიის სწორად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ არსებით როლს ასრულებენ და მათ მიმართ გატარებული, უფლების შემზღუდველი ღონისძიებები გავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ გაერთიანების თავისუფლებასა და ზოგადად დემოკრატიაზე სახელმწიფოში - Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey,, მაგრამ სახელმწიფოს სათანადო ღონისძიებების გატარება თვითონ დემოკრატიის დაცვის უზრუნველსაყოფადაც ევალება. „დემოკრატიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარი, საკუთარი თავი დაიცვას - Zdanoka v. Latvia, §100“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ მოეთხოვება პოლიტიკური პარტიის მიერ კონვენციასა და დემოკრატიასთან შეუსაბამო პოლიტიკის გასატარებელი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას დაელოდოს; კერძოდ, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება - Herri Batasuna and Batasuna v. Spain, §82; Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, §103.

დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობის მიუხედავად, პოლიტიკური პარტიის შექმნისა და ფუნქციონირების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, არ არის აბსოლუტური. მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არ არის დაცული იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც აქეზებს ძალადობას ანდა ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც პატივს არ სცემს დემოკრატიას, ან რომლის მიზანი დემოკრატიისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფაა - Herri Batasuna and Batasuna v. Spain, §79; Refah Partisi (კეთილდღეობის პარტია) and Others v. Turkey, §98.

ძალადობის მხარდაჭერად და ძალადობის წახალისებად კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, მიიჩნევა არა მხოლოდ ძალადობის ჩადენისკენ პოლიტიკური პარტიის პირდაპირი მოწოდება, არამედ ისეთი შემთხვევაც, როდესაც პოლიტიკური პარტია ძალადობის ჩადენის შესახებ სხვა პოლიტიკური პარტიის საჯარო მოწოდებას პირდაპირ, ნათლად და მყისიერად, საჯარო განცხადებითვე არ ემიჯნება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, პოლიტიკოსის პოლიტიკური აქტივობა მოიცავს არა მხოლოდ სიტყვით გამოსვლებსა და კონკრეტულ ქმედებებს, არამედ უმოქმედობასა და დუმილსაც, ხოლო უმოქმედობა და დუმილი შეიძლება ძალადობის მიმართ ისეთივე თანადგომად იქნეს აღქმული, როგორც ძალადობის პირდაპირ და აშკარად გაცხადებული მხარდაჭერა. შესაბამისად, ძალადობის დაგმობასა და ძალადობისგან მყისიერ გამიჯვნაზე უარის თქმის გამო პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის თანახმად, გამართლებულია - Herri Batasuna and Batasuna v. Spain, §88. მეტიც, თუ პოლიტიკური პარტიის წევრი თავისივე პოლიტიკური პარტიის ლიდერის განცხადებებსა და ქმედებებს მყისიერად საჯაროდ არ ემიჯნება, ეს განცხადებები და ქმედებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აღნიშნულ წევრსაც შეერაცხება - Zdanoka v. Latvia, §123; Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, §115.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. მხოლოდ 2022 წლის შემდეგ უკრაინაში ჯამში აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია, მოლდოვაში - 2026 წლის ივლისში 4. სხვათა შორის,  არც ივლისამდე და არც ივლისის შემდეგ ევრობიუროკრატიის არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ აკვირდება სასამართლო პროცესს ან სასამართლო შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიტიკის ინსტრუმენტად, არც ვენეციის კომისიას დაუგმია პარტიის გაუქმების პროცესი. სამაგიეროდ, ევროკომისიის პრესპიკერი თავს უფლებას აძლევს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით, ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია ის ფაქტები და არგუმენტები, რომლებიც სარჩელში დასახელებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საფუძვლიანობას ადასტურებს.

სარჩელში მითითებული ცალკეული ფაქტებისა და ქმედებების შესასწავლად საქართველოს პარლამენტში 2025 წელს შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6-თვიანი მუშაობის პერიოდში პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება და დაიდო რამდენიმე ასეულგვერდიანი დასკვნა, რომელიც თან ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს და რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არაკონსტიტუციური პარტიების მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ქმედებები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები