არმაზ ახვლედიანი - ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ როგორმე მოხერხდეს ბაქოსა და ერევნის გავლით ურთიერთობების მოწესრიგება აშშ-სთან

ავტორი
Front News საქართველო
ცხადზე უცხადესია, თბილისის მხრიდან ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ როგორმე მოხერხდეს ბაქოსა და ერევნის გავლით ურთიერთობების მოწესრიგება აშშ-სთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფებამ გადაწყვიტა, რომ საკუთარ პოლიტიკურ, პარტიულ, ბინძურ ინტერესს შესწირონ და გადააყოლონ მთელი ქვეყნის ინტერესი, რასაც, არ აკეთებს არც პრეზიდენტი ალიევი და არც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი.
"ცხადზე ცხადია, რომ სწორედ პრეზიდენტ ალიევის მმართველობის პირობებში მოხერხდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება და მოხერხდა ის, რომ ახლა ორივე ქვეყანა ამ ომის დასრულებით და ხელშეკრულების დადებით გავიდა სრულიად ახალ - დასავლურ ორბიტაზე აღმოსავლური ვექტორების ჯერ კიდევ შენარჩუნებით, ეს კი ნიშნავს, რომ იქ სულ უფრო ცოტაა მოსკოვის ადგილი, ამ დროს კი შენ - თბილისი, რომელიც ყოველთვის იყავი ლოკომოტივი სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან ურთიერთობის, ახლა როლი საქართველოსთვის დრამატულად შეიცვალა, ეს კი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა - ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, რომ საკუთარ პოლიტიკურ, პარტიულ, ბინძურ ინტერესს შესწირონ და გადააყოლონ მთელი ქვეყნის ინტერესი, რასაც, ცხადია, არ აკეთებს არც პრეზიდენტი ალიევი და არც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი. მათ აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და ერის მიმართ და დირექტორი არ ჰყავთ, ისინი არიან უშუალოდ პასუხისმგებლები თავიანთ ნაბიჯებზე.
რაც შეეხება მიზნებს, რისთვის იყენებ ამ შეხვედრას, რა მიზანი აქვს - ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადზე უცხადესია, თბილისის მხრიდან ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ როგორმე მოხერხდეს ბაქოსა და ერევნის გავლით ურთიერთობების მოწესრიგება აშშ-სთან, თორემ ევროკავშირთან ეს გამორიცხულია", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს შეხვდა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი




