"ასეთ გვიან ეტაპზე მოწვევა ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ეუთო/ოდირს არ ექნება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განთავსების შესაძლებლობა"

ავტორი
Front News საქართველო
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს.
"არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ODIHR-ს არ ექნება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განთავსების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ოდირის დირექტორმა მარია თელალიანმა.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებში ოდირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება. მათივე ცნობით, წარსულში, ოდირმა საქართველოდან დროულად მიიღო მოწვევები 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რამაც ორგანიზაციას საშუალება მისცა, არჩევნებისთვის ეფექტურად მომზადებულიყო.
"როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოდირი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.
თაგები:
ეუთო/ოდირი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


