აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ "მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ "მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, მათგან 168 რესპუბლიკელი, ხოლო 181 დემოკრატი. წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:
„დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ;
მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას;
გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით;
გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას "ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტი სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ორივე პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.
თაგები:
მეგობარი აქტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერი აირჩია

დავით ჩიხელიძე - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია