აშშ-მა ირანს შესაძლოა, 24 საათის განმავლობაში დაარტყას - თეირანი პასუხით იმუქრება

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-მა შესაძლოა, ირანს მომდევნო 24 საათში დაარტყას. თეირანი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მზადაა უპასუხოს.
Reuters ორ ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია ირანში სავარაუდოა. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ თავდასხმა შესაძლოა, მომდევნო 24 საათში მოხდეს.
გარდა ამისა, Daily Mail-ის ცნობით, თეთრმა სახლმა მიიღო 50 სამხედრო ობიექტის დოსიე, მათ შორის თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინის და გასამხედროებული ფორმირების 23 ბაზის მონაცემები.
ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ რამდენიმე ძალიან მკაცრ ვარიანტს განიხილავდა. მედიის ცნობით, ვაშინგტონმა თავისი ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ირანზე ამერიკული დარტყმებისთვის მზად ყოფილიყვნენ.
ირანმა მეზობელი ქვეყნები, სადაც აშშ-ის სამხედროები იმყოფებიან, გააფრთხილა, რომ აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში აშშ-ის ბაზებს დაარტყამს, - იტყობინება Reuters ირანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. საპასუხოდ, აშშ-მა გადაწყვიტა ახლო აღმოსავლეთში არსებული ბაზებიდან პერსონალის ნაწილის გაყვანა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან დიდ ბრიტანეთს სამხედრო პერსონალი გაჰყავს.
ირანი პასუხით იმუქრება. ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო კოსმოსური ძალები მზად არიან ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის ჩასახშობად.
13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ მოუწოდა ირანელებს, გააგრძელონ ანტისამთავრობო პროტესტები და "დაიკავონ ინსტიტუციები" და განაცხადა, რომ მომიტინგეებისთვის დახმარება "გზაშია“.
მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რამაც ფასების სწრაფი ზრდა და სოციალური არეულობა გამოიწვია.
დემონსტრაციები ათობით ქალაქში იმართება და სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნებსაც მოიცავს.
მედია წერს, რომ აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს. მოკლულთა უმეტესობა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი.
ბოლო ინფორმაციით, ირანში ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია.





