Logo

ავთანდილ წულაძე - თუ ჩინეთისა და ამერიკის მოლაპარაკება მოხდა, მერე ალბათ, მოინახება რაღაც ფორმატი, სადაც ცეცხლის შეწყვეტის საკითხი გადაწყდება

ინტერვიუ
282
Frontnews image description

უკრაინის ომი გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრად რჩება, რომელშიც უშუალოდ  არა მხოლოდ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება, არამედ აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები იკვეთება. დონალდ ტრამპის მიერ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის ნებართვის მიცემა, მისი წინა, შედარებით ფრთხილი პოლიტიკის ფონზე, სტრატეგიის ცვლილებაზე მოწმობს. 

პოლიტიკის ანალიტიკოსი ავთანდილ წულაძე Front News-თან ინტერვიუში ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და ირიბად, ჩინეთისთვის "რუსეთის ბერკეტის" გამოცლას ემსახურება. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ფონზე კი ანალიტიკოსის აზრით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ბალანსი იპოვოს. 

- ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლება მისცეს. რატომ გადადგა ტრამპმა ასეთი ნაბიჯი, მაშინ როცა აქამდე ცდილობდა რუსეთთან დაკავშირებით კატეგორიული გადაწყვეტილებები არ მიეღო?

- დიახ, თავიდან ტრამპი ცდილობდა ზეწოლა უკრაინაზე მოეხდინა, რათა ამით რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მიეყვანა. ის კრემლთან უფრო დამთმობი პოზიციით ცდილობდა მოლაპარაკების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა, თუმცა ეს სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა. ამიტომ ახლა ტრამპმა მიდგომები შეცვალა და პირიქით, ცდილობს რუსეთზე მოახდინოს ზეწოლა. მას სურს უკრაინის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, მაგრამ მისი თავდაპირველი ტაქტიკა არ გამართლდა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ თავიდან ტრამპი რუსეთთან მოლაპარაკების გზით ჩინეთის დასუსტებას ცდილობდა, ანუ რუსეთის ამერიკის გავლენის სფეროში „წართმევას“ ესწრაფვოდა, თუმცა ეს გეგმა ჩაეშალა. ახლა რუსეთზე ზეწოლა იგივეა, რაც ჩინეთზე ზეწოლა. ოქტომბერში, სავარაუდოდ, სი ძინპინის და ტრამპის შეხვედრა მოხდება და ამ შეხვედრისთვის ტრამპს ძლიერი პოზიციები უნდა ჰქონდეს.

- ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ტრამპმა ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწიოს და პუტინზე ზეწოლისთვის გამოიყენოს? თუ მიგაჩნიათ, რომ ჩინეთი ამაზე არ წავა და მათი დათანხმება ასეთი ადვილი არ არის? ან სტრატეგიული თვალსაზრისით, ჩინეთს საერთოდ რაში აწყობს ეს ომი? იქნებ რუსეთის სამართავად, რადგან რუსეთის ჩინეთზე დამოკიდებულება მათთვის ხელსაყრელია?

- ეს იქნება ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ორივე ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ომი, რომელიც ჩინეთსა და ამერიკას შორის მიმდინარეობს. უკრაინის ომი ჩინეთისთვის როგორც ამერიკაზე, ასევე ევროპაზე ზეწოლის ბერკეტია. ტრამპი კი ცდილობს, რომ რუსეთზე ზეწოლით ჩინეთის დასუსტება მოახერხოს, ანუ რუსეთი, როგორც ბერკეტი, ჩინეთს ხელიდან გამოაცალოს. ამიტომ უკრაინის კონფლიქტის სწრაფი დასრულება ჩინეთის ინტერესში დიდად არ შედის და ის ამას იყენებს, როგორც აღვნიშნე, ევროპასა და ამერიკაზე ზეწოლისთვის. 

შესაბამისად, არ ველი, რომ ჩინეთი დათანხმდება რუსეთზე ზეწოლის მოხდენას და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რაიმე მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. ჩინეთი უკრაინის ომს გეოპოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის იყენებს. ომი ევროპაშია, ამერიკისთვის კი გამაღიზიანებელია, რადგან ტრამპის იმიჯისთვის ძალიან დამაზიანებელია მისი დასრულების დაპირება, მით უმეტეს, რომ ეს ომი უკვე ტვირთად იქცა აშშ-სთვის. ჩინეთი ამ პერიოდში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს, რათა ეკონომიკის კუთხით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

- რუსეთის რეაქცია რა შეიძლება იყოს? პესკოვმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ისინი მოვლენებს აკვირდებიან და სამწუხარო ფაქტი უწოდა. იქნება ეს რეალურად პუტინზე ზეწოლის ბერკეტი?

- ჩემი აზრით, ის ჰიბრიდულ ომს გააგრძელებს და ასევე ევროპის დრონებით დაშინებას არ მოეშვება. ვნახეთ, პოლონეთში და დანიაში რომ შეაფრინეს დრონები, ვითომ რაღაც შეცდომით და ა.შ. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ევროპაზე, ზაფხულში იყო ზეწოლა აზერბაიჯანზე. რეალურ შეტაკებებს ევროპასთან არ ველი. უკრაინის დაბომბვას ხომ ისედაც აგრძელებს და ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ. რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას, ამას გამოვრიცხავ, რადგან რუსეთს ჩინეთი ამის უფლებას არ მისცემს. ამის წინააღმდეგ სი ძინპინმა თავისი აზრი უკვე გამოთქვა და პუტინი ამის გაკეთებას ვერ გაბედავს. ბირთვული იარაღით მუქარა ამ ჰიბრიდული ომის შემადგენელი ელემენტია.

- უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავთ? გამორიცხავთ, რომ წელს ტრამპმა შეძლოს მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკისა და პუტინის დასმა? ის ისევ ჯიუტად იმეორებს, რომ ეს შესაძლებელია და როცა ორივე ლიდერი მაგიდასთან დაჯდება, რაღაცაზე მოილაპარაკებენ...

- არ ველი, რომ უკრაინის ომი ამ წელს დასრულდება. რაც შეეხება მომავალ წელს, თუ რუსეთის ბიუჯეტს გადავხედავთ თავდაცვისა და შეიარაღების კუთხით, ისევ იგივეა. ანუ პუტინი არ გეგმავს ამ კონფლიქტის დასრულებას და მისი მხრიდან დიდად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ ველი. მთავარი საკითხი, ვფიქრობ, მაინც ისაა, რომ თუკი ჩინეთისა და ამერიკის მოლაპარაკება მოხდა, მერე ალბათ, მოინახება რაღაც ფორმატი, საერთაშორისო კონფერენციის სახით, სადაც უკვე ყველა ქვეყანა იქნება წარმოდგენილი და ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქ გადაწყდება.

- ევროკავშირში 1 ოქტომბერს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, დებატები დაინიშნოს, სადაც უნდა იმსჯელონ, შეუჩერონ თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. თქვენი მოლოდინი ამ მხრივ როგორია და ელით თუ არა ევროპისგან რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას?

- ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან სახიფათო იქნება, რადგან ქვეყნის შიგნით ამან შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს თუმცა, ევროკავშირი რადიკალური ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არ არის. საქართველოში რომ რაიმე მოხდეს, ევროპა პოლიტიკურად არ არის მზად, რომ აქ სიტუაციაში ჩაერიოს. ამიტომ ჩემი ვარაუდით, გაფრთხილება იქნება, მაგრამ ვიზების შეჩერებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ ამას არ გააკეთებენ, რადგან ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევად არ შეფასდეს. გაფრთხილებებს ველი, თუმცა შეჩერებას არ ველი.

- ამერიკასთან ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ, რა მოლოდინი გაქვთ, როდის შეიძლება, ტრამპის ყურადღება საქართველოს მიმართ  აქტიური გახდეს. ამ ეტაპზე ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩვენთან დაკავშირებით მკვეთრად არ არის გამოკვეთილი. 

- ტრამპისთვის მთავარი ეკონომიკური საკითხებია. დავუშვათ, ავიღოთ აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგება. იქ იყო ზანგეზურის დერეფნის საკითხი, სადაც ამერიკული კომპანია იქნება მიმართულების ოპერატორი და ა.შ. ამ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით ამერიკის ეკონომიკური ინტერესები იკვეთება. რაც შეეხება საქართველოს, საქართველომ რაღაც ეკონომიკური პროექტი უნდა შესთავაზოს აშშ-ს, რათა ტრამპის დაინტერესება გამოიწვიოს. ტრამპს არ აინტერესებს დემოკრატია და მსგავსი იდეოლოგიური საკითხები. მისთვის მთავარი მსხვილი ეკონომიკური პროექტებია.

- ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გაეროში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ შეეგუება შანტაჟსა და ულტიმატუმებს. „ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას“, - თქვენ როგორ გესმით ეს განცხადება?

- საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გარანტიებია. ჩვენ რუსეთთან საერთო საზღვარი გვაქვს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მაგრამ არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები. დავუშვათ, ზაფხულში რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის გამწვავება მოხდა. თუმცა აზერბაიჯანს ზურგი თურქეთისგან აქვს. მათთან ომი თურქეთთან ომის ტოლფასია. ამიტომ რუსეთი იქ ესკალაციას არ დაიწყებს. ბალტიის ქვეყნები რომ ავიღოთ, ისინი ნატოს წევრები არიან. საქართველოს კი უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს. საქართველო „ნაცრისფერ ზონაშია“ დარჩენილი. არც ევროკავშირში, არც ნატოში ვართ და არც რუსეთთან ვართ პარტნიორები. ომის შემდეგ საერთოდ დიპლომატიური ურთიერთობებიც არ გაგვაჩნია. ეს კი ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ სჯობს დააბალანსოს სიტუაცია მანამდე, სანამ არ გადაწყდება უსაფრთხოების საკითხები. ეს არის ხელისუფლების მოქმედების დღევანდელი ლოგიკა.  

ელზა პაპოშვილი

Advertisement